LIVE

"რიყის დოქები" ₾65 მილიონით გაიაფდა - მთავრობამ აუქციონი მეხუთედ გამოაცხადა

29 დეკ 202117:53
3 წუთის საკითხავი
clock clock 1688
"რიყის დოქები" ₾65 მილიონით გაიაფდა - მთავრობამ აუქციონი მეხუთედ გამოაცხადა

მთავრობამ ე.წ. "რიყის დოქების" გასაყიდად აუქციონი მეხუთედ გამოაცხადა. ამჯერად ობიექტი კიდევ უფრო მეტი ფასდაკლებით, 30 000 000 ლარად იყიდება. 

ფასი წინა შეთავაზებასთან შედარებით 17.5 მილიონი ლარით, ხოლო თავდაპირველ შეთავაზებასთან შედარებით 65 მილიონი ლარითაა შემცირებული. 

საპრივატიზებო პირობების თანახმად, "რიყის დოქების" მყიდველი ვალდებული იქნება 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს და არაუმეტეს 3 წლის ვადაში, მუზეუმის (ღვინის და ციფრული ხელოვნების/ტექნოლოგიების მუზეუმ(ებ)ის) და საგამოფენო/საკონფერენციო სივრცე(ებ)ის/დარბაზ(ებ)ის) შექმნა და ფუნქციონირების დაწყება უზრუნველყოს.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მიმდინარე წელს ეს „რიყის დოქების“ გაყიდვის მეოთხე მცდელობაა. 

თავდაპირველად, აღნიშნული უძრავი ქონება 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ ლარად იყო გამოტანილი, თუმცა ლოტზე ვაჭრობა არ შედგა. განმეორებითი აუქციონი 2021 წლის თებერვალში გამოცხადდა. ობიექტის გაყიდვის რიგით მესამე მცდელობა კი წარუმატებლად 15 აპრილს დასრულდა. ეკონომიკის სამინისტრომ "რიყის დოქები" მეოთხედ, 47.5 მლნ ლარად გაიტანა გასაყიდად, თუმცა ელექტრონული აუქციონი არ შედგა.