
საქართველომ იანვარში ელექტროენერგიის იმპორტი თითქმის გააორმაგა. ესკოს მონაცემებით, 2022 წლის იანვარში გასული წლის დეკემბერთან შედარებით, ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში 96%-ით, 406.4 მლნ კვტ.სთ-მდე გაზარდა. თითქმის, 2%-ით გაიზარდა ელექტროენერგიის იმპორტი გასული წლის იანვართან შედარებითაც.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, გასული წლის მსგავსად, ელექტროენერგიის ძირითადი მომწოდებელი მიმდინარე წლის იანვარშიც რუსეთი (291.5 მლნ კვტ.სთ/იმპორტის - 71.7%) იყო. აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიიდან უდიდესი ნაწილი, 244.5 მლნ კვტ.სთ ოკუპირებულ აფხაზეთს მიეწოდა. 66.1 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა საქართველომ სომხეთში, ხოლო ელექტროენერგიის იმპორტმა აზერბაიჯანიდან 48 მლნ.კვტ.სთ-ს მცირედით გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერთან შედარებით 1 მლრდ 192 მლნ მლნ კვტ.სთ-დან 1 მლრდ 024 მლნ კვტ.სთ-მდე შემცირდა ელექტროენერგიის ადგილობრივი გამომუშავება. 2022 წლის იანვარში საქართველომ მთლიანად 1587.414 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32,7%-ით მეტია.