LIVE

169 700 მომხმარებელს სესხი გაუძვირდა - რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-მდე გაიზარდა

08 დეკ 202112:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 3728
169 700 მომხმარებელს სესხი გაუძვირდა - რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-მდე გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი 10.5% გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2008 წლის შემდეგ ლარი ახლა ყველაზე ძვირი ღირს.

რეფინანსირების განაკვეთი ლარის ღირებულებას განსაზღვრავს, ანუ საპროცენტო განაკვეთს, რომლითაც კომერციული ბანკები ცენტრალური ბანკისგან ლარის რესურსს სესხულობენ, ხოლო შემდეგ მომხმარებლებზე გაასესხებენ. თუ ბანკებს ლარი უძვირდებათ, სესხი ავტომატურად ძვირდება მომხმარებლებისთვისაც.

1 ნოემბრის მდგომარეობით, 169 700 მომხმარებელს აქვს სესხი რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული. ამ მსესხებლებზე სებ-ის გადაწყვეტილება პირდაპირ აისახება და მათ სესხი 0.5 პროცენტული პუნქტით გაუძვირდებათ.

თავად ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს იმის მიხედვით ცვლის, თუ როგორია ინფლაციური სიტუაცია და მოლოდინები ქვეყანაში. თუ ფასების ზრდის ტემპი მაღალია, ეროვნული ბანკი ლარის გაძვირებით მოთხოვნის და ხარჯვის შეზღუდვას ცდილობს. დღევანდელ გადაწყვეტილებაში მარეგულირებელმა განმარტა, რომ მომდევნო თვეებში მაღალი ინფლაციის შენარჩუნებას ელის, თუმცა მეორე მხრივ, აღიარა, რომ მისი გავლენის არეალი ინფლაციაზე, რომელსაც დიდწილად საგარეო ფაქტორები განაპირობებს, მინიმალურია.

"ნოემბერში წლიური ინფლაცია მცირედით, 12.5 პროცენტამდე შემცირდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული, ძირითადად, მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი დროებითი ფაქტორებითაა განპირობებული, ის კვლავ მაღალი რჩება. საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი შეფასებით, ეგზოგენური ფაქტორების წვლილი ნოემბრის წლიურ ინფლაციაში დაახლოებით 9 პროცენტულ პუნქტს უტოლდება. ამ ფაქტორთაგან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა, რომელიც ადგილობრივ ბაზარს იმპორტირებული ნედლეულისა და პროდუქციის გავლენით გადმოეცემა. მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი კურსი წლიურ დონეზე შედარებით გამყარებულია, ნოემბრის მონაცემებით იმპორტირებული ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 18 პროცენტს გაუტოლდა. ყურადსაღებია მიმდინარე ინფლაციაზე კომუნალური გადასახადების სუბსიდიის სტატისტიკური გავლენაც, რომელიც, როგორც კომიტეტის წინა გადაწყვეტილებებში იყო აღნიშნული, მიმდინარე წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელში დროებით, დამატებით წვლილს შეიტანს," ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ინფლაციაზე მოქმედებს გააქტიურებული მოთხოვნაც, რასაც ეროვნული ბანკის აზრით რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის მთავრობის მიერ გაზრდილი ფისკალური ხარჯვა, რისი შემცირებისკენაც მარეგულირებელმა აღმასრულებელ ხელისუფლებას უკვე არაერთხელ მოუწოდა.

"მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი წლიურად შემცირებულია, მისი დონე ჯერ კიდევ მაღალია, რაც შიდა მოთხოვნას გაზრდილ ნიშნულზე ტოვებს," მიიჩნევს ეროვნული ბანკი.

მომხმარებლების მიერ გაზრდილ ხარჯვას ხელს უწყობს ლოქდაუნების გამო დაგროვილი მოთხოვნის "მოსალოდნელზე სწრაფად" რეალიზებაც, რაც 2021 წლის მეორე კვარტლიდან შეინიშნება. ამას ემატება დაკრედიტების ზრდის დაჩქარებული ტემპიც. ყველაფერი ერთად კი ინფლაციის შეკავებას აფერხებს.

მეორე მხრივ, ლარში სესხების გაძვირებამ დამატებითი რისკები გააჩინა - ლარისა და უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა იმდენად მკვეთრია, რომ მომხმარებლები ვალუტაში სესხებას ამჯობინებენ, რაც სამომავლოდ (ლარის გაუფასურების შემთხვევაში) სავალუტო რისკებს ზრდის. 

ამ რისკის პრევენციისთვის დღეს ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დამატებითი ზომები მიიღო.

ფასების ზრდის ტემპის შენელებას ეროვნული ბანკი გაზაფხულიდან ელის, თუმცა ამისთვის, მიღმა ერთჯერადი ფაქტორების ამოწურვისა, მნიშვნელოვნად მიიჩნევს მთავრობის მხრიდან დაჩქარებულ ფისკალურ კონსოლიდაციას რაც საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაში უნდა გამოიხატოს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 2 თებერვალს ჩატარდება.

საქართველოში წლიური ინფლაცია 10 წლიან მაქსიმუმზეა და ნოემბერში 12.5%-მდე დაჩქარდა. მეხუთე თვეა ქვეყანაში ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება.