თბილისში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის გადასახადი კვლავ არასწორად ერიცხება. სოციალურ ქსელში არაერთი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ „თელმიკოსგან" დარიცხული თანხა რეალობას არ შეესაბამება.
„ბიზნეს ფორმულა“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „თელმიკოს“ დაუკავშირდა, სადაც პრობლემის არსებობას ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ ამ კუთხით საჩივრები გაზრდილია. „თელმიკოს“ განცხადებით, მრიცხველის ჩვენებებს „თელასი“ აწვდის, ვინაიდან მრიცხველები მათ საკუთრებაშია და სწორედ ამ ჩვენებების მიხედვით ხდება ელექტროენერგიის გადასახადის დარიცხვა.
თავის მხრივ, კომპანია „თელასში“, ბიზნეს ფორმულას განუცხადეს, რომ თუ კი თანხები არასწორადაა დარიცხული, "თელმიკომ" მათ უნდა შეატყობინოს და კონკრეტული ფაქტების შესწავლა მოხდება.
„ჩვენ ვიღებთ მხოლოდ მრიცხველის ჩვენებას, რომელსაც ვუგზავნით „თელმიკოს". რაც შეეხება ქვითარს, რომელშიც მითითებულია თანხები, მას თავად „თელმიკო“ გზავნის",- აცხადებს "თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ვალერი ფანცულაია.
შეგახსენებთ, რომ ივნისსა და ივლისში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფი არასწორად დარიცხვის გამო სემეკმა „თელმიკო“ 75 000 ლარით დააჯარიმა და მომხმარებლებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება დაავალა. "თელმიკოს" ინფორმაციით, ელექტროენერგიის ზედმეტობით დარიცხული თანხების პრობლემა მოგვარდა და 1 მილიონ ლარამდე ზედმეტობა დაკორექტირდა.