კომპანია „თელმიკოში“ აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის ზედმეტობით დარიცხული თანხების პრობლემა მოგვარდა.
როგორც „ბიზნეს ფორმულას“ „თელმიკოს“ პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო ბენდელიანმა განუცხადა, ჯამში დაახლოებით მილიონი ლარის მოცულობის ზედმეტობით დარიცხული თანხა დაკორექტირდა.
მისივე განმარტებით, პრობლემა ტექნიკური ხასიათის იყო, რასთან დაკავშირებითაც კომპანია პასუხისმგებლობას გრძნობს და მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.
„პრობლემები ძირითადად ტექნიკური ხასიათის იყო და უკავშირდებოდა პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზს. ამ ეტაპზე ეს პრობლემები უკვე სრულადაა აღმოფხვრილი. რაც დასაკორექტირებელი იყო დაკორექტირდა და ვისაც ზედმეტობით ჰქონდა გადახდილი, ყველა აბონენტს აესახა თანხა სააბონენტო ბარათზე. რა თქმა უნდა, კომპანია პასუხისმგებლობას გრძნობს და ბოდიშს ვიხდით შექმნილი სიტუაციის გამო“,- აღნიშნა მან „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ სემეკის გადაწყვეტილებით, 1-ლი ივლისიდან ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის მფლობელს ელექტროენერგიის მიწოდების უფლება აღარ აქვს. შესაბამისად, „თელასი“ თბილისში „თელმიკომ“, ხოლო რეგიონებში „ენერგო-პრო“ „ეპ ჯორჯიამ“ ჩაანაცვლა.
ამასთან, ივნისსა და ივლისში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფი არასწორად დარიცხვის გამო სემეკმა „თელმიკო“ 75 000 ლარით დააჯარიმა და მომხმარებლებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების დაკორექტირება დაავალა. სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში კომპანიები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათ საკმარისი დრო ჰქონდათ მოსამზადებლად და ზედმეტობით დარიცხვების პრობლემა არასწორ მენეჯმენტს უკავშირდება.