დეპრესიის ხარისხის დადგენა ხმის ანალიზით - ქართული სტარტაპი

08 ოქტ 202114:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 411
დეპრესიის ხარისხის დადგენა ხმის ანალიზით - ქართული სტარტაპი

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი გრანტების კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია Ensofy - სტარტაპი, რომელიც კომპანიებს თანამშრომელთა მენტალური ჯანმრთელობის მონიტორინგში დაეხმარება.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ სტარტაპის ერთ-ერთმა ავტორმა ირაკლი ლეჟავამ განუცხადა, დაახლოებით ერთი წელია, რაც გუნდთან ერთად პროექტზე მუშაობა დაიწყო.

„ეს არის ერთგვარი სკრინინგ ტექნოლოგია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ახდენს ადამიანის ხმის ანალიზს და ადგენს მასში გადაღლის ხარისხს. ჩვენი საწყისი მარკეტია საქართველო. მომავალში გლობალურ ბაზარზე გასვლასაც ვგეგმავთ. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი გარემოება, რის გამოც ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსება მივიღეთ“,- აცხადებს ლეჟავა.

მისი განმარტებით, საქართველოში და გლობალურ ბაზარზეც მათი კლიენტები იქნებიან კომპანიები, რომლებსაც არ სურთ გარკვეული მენტალური პრობლემების გამო დაკარგონ კვალიფიციური კადრები და მათ ჩანაცვლებაში დამატებითი ხარჯები გაიღონ.

„ჩვენი Voice-AI ტექნოლოგიის გამოყენებით, ვეუბნებით კომპანიას, რომ მათი თანამშრომლების გარკვეულ ნაწილს გადაღლის მაღალი რისკი აქვთ და ზომები მიიღონ. შემდეგ კომპანია თავად წყვეტს, როგორ იმოქმედოს“,- განმარტავს ლეჟავა.