LIVE

ქაბულის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა

26 აგვ 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 868
ქაბულის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა

ქაბულის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად გარდაცვლილია მინიმუმ 60 ადამიანი. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. დაჭრილია მინიმუმ 140 ადამიანი. 

აშშ ადასტურებს, რომ გარდაცვლილია 12 ამერიკელი სამხედრო.

პენტაგონის პრესმდივანის, ჯონ კირბის თქმით, “არაერთი ამერიკელი და ადგილობრივი, სამოქალაქო პირი” დაიღუპა აფეთქების შედეგად. მან აფეთქებას “კომპლექსური” უწოდა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ საავადმყოფოებში აეროპორტში დაჭრილი მოქალაქეები მიიყვანეს.  

არსებული ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა მოიერიშემ განახორციელა. 

პირველი აფეთქება დაფიქსირდა აეროპორტის ერთ-ერთ გასასვლელთან (Abbey gate), სადაც ბოლო დღეებში ბრიტანეთის ჯარი იყო განლაგებული. ეს იყო ერთ-ერთი იმ სამი გასასვლელიდან, რომელიც მოსალოდნელი საფრთხის გამო, დღეს დაიკეტა. ის ქაბულის აეროპორტში ევაკუაციისთვის გამოიყენება.

მეორე აფეთქება მოხდა Baron Hotel-თან, რომელიც გამოიყენებოდა დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლების ევაკუაციისთვის. 

აფეთქება მოხდა იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ეროვნულ უსაფრთხოების ჯგუფს ავღანეთში არსებული სიტუაციის განსახილველად უნდა შეხვედროდა. 

აფეთქების შემდეგ ევროპელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა გაგზავნეს შეტყობინება საკუთარი მოქალაქეებისთვის: “გადი აეროპორტიდან. ძალიან, ძალიან, ძალიან საშიში სიტუაციაა. დატოვეთ ტერიტორია ახლა!”

მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია ვინ ან რამ გამოიწვია აფეთქება, თავდასხმამდე აშშ-სა და NATO-ს მოკავშირეებმა მოქალაქეები გააფრთხილეს, თავი აერიდებინათ აეროპორტში გამგზავრებისგან თავდასხმების სავარაუდო და გარდაუვალი რისკის გამო. ჯო ბაიდენმა ისლამური სახელმწიფო ხორასანის, ტერორისტული ჯგუფის განშტოება, პოტენციურ საფრთხედ დაასახელა.

აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე აეროპორტში ტერორისტულ თავდასხმას ელოდებოდნენ

თავდასხმის რისკის გამო, დასავლეთის ქვეყნებმა საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დროებით შეაჩერეს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია