LIVE

ქაბულის აეროპორტში ტერორისტულ თავდასხმას ელოდებიან

26 აგვ 202116:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1001
ქაბულის აეროპორტში ტერორისტულ თავდასხმას ელოდებიან
Isaiah Campbell/Handout via REUTERS

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე აეროპორტში ტერორისტულ თავდასხმას ელოდებიან. თავდასხმის რისკის გამო, დასავლეთის ქვეყნებმა საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დროებით შეაჩერეს. 

დანიამ, ნიდერლანდებმა და ბელგიამ განაცხადეს, რომ აღარ განახორციელებენ ფრენებს ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტიდან. 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ტერორისტული თავდასხმების შესაძლებლობის შესახებ კითხვის საპასუხოდ, ისლამურ სახელმწიფოზე ისაუბრა, რომელიც თალიბანთან დაპირისპირებული დაჯგუფებაა. 

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა თქვა, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა დაიწყეს სამხედრო მისიების დახურვა ქაბულის აეროპორტში, რადგან ტერორისტული თავდასხმის საფრთხე ძალიან გაიზარდა. “ეს არის ძალიან რთული და საშიში სიტუაცია და ევაკუაციის პირველი ეტაპი ძალიან მალე დასრულდება”,- განუცხადა კრამპ-კარენბაუერმა ჟურნალისტებს.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, არ გაემგზავრონ ქაბულის ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტში და აცხადებენ, რომ არსებობს “ტერორისტული თავდასხმის მუდმივი და მაღალი საფრთხე”. 

თავდაპირველად გაფრთხილება შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა. ქაბულში მდებარე საელჩომ ურჩია მოქალაქეებს, თავი აარიდონ აეროპორტში გამგზავრებას უსაფრთხოების დაუზუსტებელი “საფრთხეების” მოტივით.

თალიბანი, რომლის მებრძოლებიც იცავენ პერიმეტრს აეროპორტის გარეთ, არიან ისლამური სახელმწიფოს ავღანეთის ფილიალის მტრები, რომლებიც ცნობილია, როგორც ისლამური სახელმწიფო ხორასანი (ISIS-K).

მიუხედავად გაფრთხილებისა, ქაბულის აეროპორტსა და მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ ხალხმრავლობაა და ადამიანები ქვეყნის დატოვებას ცდილობენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია