LIVE

სემეკმა „თელმიკო“ 75 000 ლარით, ხოლო „თელასი“ 50 000 ლარით დააჯარიმა

12 აგვ 202114:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 12647
სემეკმა „თელმიკო“ 75 000 ლარით, ხოლო „თელასი“ 50 000 ლარით დააჯარიმა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) „თელმიკო“  75 000 ლარით, ხოლო „თელასი“ 50 000 ლარით დააჯარიმა.

მიზეზი ისაა, რომ კომპანიებმა მოქალაქეებს ივნისსა და ივლისში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფი არასწორად დაარიცხეს. "თელმიკოსა" და "თელასს" დაევალათ, მოქალაქეებზე ზედმეტობით დარიცხული თანხების დააკორექტირონ.

"სემეკს საჩივრით მიმართა არაერთმა მოქალაქემ შპს „თბილისის ელექტრო მიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „თელასის“ მიერ მათი უფლებების დარღვევის შესახებ. საჩივრები უკავშირდებოდა ივნისსა და ივლისში მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ტარიფის საფეხურის არასწორ მისადაგებასა და გაზრდილი გადასახადის დარიცხვას, რაც ასევე დადასტურდა სემეკში წარმოებული მოკვლევის შედეგად.

2019 წლის 27 დეკემბერს მიღებული საქართველოს კანონის  „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“, 2020 წლის 21 აპრილის საქართველოს მთავრობის  N246 დადგენილების „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ და არაერთი ნორმატიული აქტის შესაბამისად, ელექტროენერგიის ბაზარზე მიმდინარე, დაგეგმილ და მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო ბაზრის ყველა სუბიექტი.

რეფორმის ფარგლებში საქმიანობის გაყოფის მიზნებიდან გამომდინარე, სს „თელასს“დაევალა 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ხარჯების დაფიქსირება და მომხმარებლებისთვის შესაბამისი ქვითრების წარდგენა, ხოლო მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანიას“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მაისის №236 დადგენილების შესაბამისად დაეკისრა ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულება.

სემეკი მოუწოდებს კომპანიებს, რომ ზედმიწევნით განახორციელონ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები, რათა  ადგილი აღარ ჰქონდეს მსგავსი ტიპის უხეშ დარღვევებს. დარღვევების განმეორების შემთხვევაში, კომისია კვლავ იმსჯელებს კანონით გათვალისწინებულ სანქციებზე",- ნათქვამია სემეკის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, 1-ლი ივლისიდან თბილისში აბონენტებს ელექტროენერგიას „თელასის“ ნაცვლად „თელმიკო“ აწვდის.