LIVE

$320 მილიონი და მეტი - რამდენი დაიხარჯა ლარის შესაკავებლად წინასაარჩევნოდ

28 ოქტ 202417:38
3 წუთის საკითხავი
clock clock 186
$320 მილიონი და მეტი - რამდენი დაიხარჯა ლარის შესაკავებლად წინასაარჩევნოდ

გასულ ორ თვეში, ეროვნულმა ბანკმა რეზერვებიდან სავალუტო ინტერვენციებით და BMatch პლატფორმაზე მხოლოდ სექტემბერში გაყიდული 106 500 000 დოლარით, ჯამში, 319 900 000 დოლარი დახარჯა ლარის გაუფასურების შესაკავებლად. მიუხედავად ამისა, ლარი გაუფასურების ტენდენციას ინარჩუნებს. 

საგულისხმოა, რომ სექტემბერში ეროვნულ ბანკს საჯარო ინტერვენცია არ გაუკეთებია, თუმცა დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით ირკვევა, რომ სამაგიეროდ - ბიმაჩზე გაყიდა 106 მილიონ დოლარზე მეტი. სავარაუდოდ 20 სექტემბრისთვის, როცა ლარის კურსი დოლართან 2.69-დან 2.73-მდე გაიზარდა. ბიმაჩიდან ჩარევამ ლარი ცოტა ხნით დაასტაბილურა, თუმცა ოქტომბრის დასაწყისიდანვე გაუფასურების ახალი ტალღა დაიწყო, რასაც 8 ოქტომბერს უკვე ოფიციალური სავალუტო ინტერვენცია მოჰყვა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი გაყიდა ბიმაჩ პლატფორმაზე მარეგულირებელმა მხოლოდ ოქტომბერში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წინასაარჩევნოდ, ლარის გაუფასურების ფუნდამენტური ფაქტორების არარსებობის მიუხედავად, რასაც თავად ეროვნული ბანკიც აღიარებდა, მარეგულირებელმა მაინც განახორციელა ოთხი სავალუტო ინტერვენცია და ჯამში 213 400 000 დოლარი გაყიდა, სავარაუდოა, რომ ამავე თვეში, ბიმაჩ პლატფორმაზეც მსხვილი მოცულობის თანხა უნდა გაეტანა გასაყიდად. ოფიციალური მაჩვენებელი, თუ რამდენი დოლარი გაიყიდა რეზერვებიდან ბიმაჩზე ოქტომბრის განმავლობაში, 25 ნოემბერს გამოქვეყნდება. 

რაც შეეხება საჯარო სავალუტო ინტერვენციებს, მარეგულირებელმა 8, 16, 23 და 25 ოქტომბერს გაყიდა, შესაბამისად, $48 500 000, $64 900 00, $60 000 000 და $40 000 000. ბოლო ინტერვენცია 2.71 კურსზე შედგა, თუმცა ლარმა ამის შემდეგ მაინც გაუფასურების ტენდენცია შეინარჩუნა. არჩევნების დღესაც და შემდეგ დღესაც მობაილბანკში და ჯიხურებში გაცვლითი კურსი დოლართან 2.80-საც აღწევდა.

ამ ინტერვენციების შედეგად, რასაც ემატება ოქტმბერში ბიმაჩზე გაყიდული დოლარი, რომლის მოცულობა ჯერჯერობით უცნობია - ლარი მაინც გაუფასურებულ ნიშნულზეა. დღევანდელი ვაჭრობა დოლართან 2.73 ნიშნულზე დაიხურა.