LIVE

ბექაური მაგთიკომისგან ზეწოლაზე საუბრობს, კომპანია კი მას "სიმშვიდედაკარგულს" უწოდებს

31 იან 202412:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 502
ბექაური მაგთიკომისგან ზეწოლაზე საუბრობს, კომპანია კი მას "სიმშვიდედაკარგულს" უწოდებს

კახა ბექაურსა და მაგთიკომს შორის ურთიერთბრალდებები გრძელდება. კერძოდ, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე მაგთიკომის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს, საპასუხოდ კი კომპანიაში ამბობენ, რომ კახა ბექაური „სიმშვიდედაკარგულია“.

საქმე იმაშია, რომ 29 იანვარს, მაგთიკომმა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს კახა ბექაურის ქმედებების შესწავლის მოთხოვნით მიმართა. საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო 2024 წელს 300 თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციას შეამოწმებს, რომელთა შორისაც კახა ბექაურიცაა. მაგთიკომის წერილში მოყვანილია ფაქტები, რომლებიც კომპანიის შეფასებით, დეტალურ შესწავლას საჭიროებს. კომპანია ხაზს უსვამს, რომ საჭიროა გადამოწმდეს ბექაურის მეუღლის ანგარიშებზე მედიააკადემიიდან ჩარიცხული თანხები. მაგთიკომს კითხვები აქვს მედიააკადემიის ხარჯების გაუმჭვირვალობაზეც.

ამის საპასუხოდ, 31 იანვარს, კომისიამ კახა ბექაურის განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ "დამოუკიდებელ კომისიაზე ზეწოლის მიზნით, მაგთიკომი აბსურდული ბრალდებებით უსუსურ კამპანიას ეწევა". ბექაური ამბობს, რომ კომპანიის ღია დაპირისპირების შესაძლო მოტივი ბაზრის გახსნისკენ კომისიის მიერ გადადგმული ნაბიჯებია. ის ასევე ახსენებს კვლევას, რომელიც კომისიასა და კომპანიას შორის ასევე დაპირისპირების საგანი გახდა და რომლის მიხედვითაც, ქართველი აბონენტები ფიქსირებულ მაღალსიჩქარიან ინტერნეტში ევროპელებზე 136%-ით, ხოლო მაღალი მოცულობის მობილურ მომსახურებებში - 36%-ით ძვირს იხდიან.

„მაგთიკომის უსუსური მცდელობები, მთავარი პრობლემებიდან გამოგონილ თემებზე გადაიტანოს აქცენტი, პირდაპირ დაკავშირებულია კომუნიკაციების კომისიის საქმიანობასა და გადაწყვეტილებებთან, რომელიც ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის გაჯანსაღებისკენაა მიმართული. ამ ფორმით, მაგთიკომი ცდილობს უხეშად ჩაერიოს და გავლენა მოახდინოს კომუნიკაციების კომისიის საქმიანობაზე“,- აღნიშნავს ბექაური.

კახა ბექაურის ამ განცხადებას მალევე უპასუხა მათგიკომმა. კომპანიაში ამბობენ, რომ „სიმშვიდედაკარგულმა კახა ბექაურმა ორი დამოუკიდებელი ორგანოს - ანტიკორუფციული ბიუროს და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყველა წევრის ფუნქცია ერთპიროვნულად შეითავსა“.

„ბატონმა ბექაურმა ვერ მოითმინა და „ანტიკორუფციული ბიუროს" მოკვლევის პასუხს დაასწრო, რითაც ის საკუთარი შეფასებებით ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ საკითხის ობიექტურად შესწავლაზე. შესაბამისად, ანტიკორუფციული ბიუროს მოკვლევის დამთავრებამდე ბრალდებების შერაცხვა „აბსურდულად" მხოლოდ ბატონი ბექაურის სურვილია და არა რეალობა. 

ღიმილის მომგვრელია ბატონი ბექაურის მიდგომა, რომლითაც ის საკუთარ თავს სრულად აიგივებს დამოუკიდებელ კოლეგიალურ ორგანოსთან - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან. მაგთიკომის განცხადება ეხებოდა პირადად ბატონი ბექაურის ქმედებების შესწავლას და არა მარეგულირებელ კომისიას.

ბატონი ბექაურის სხვა ქმედებების შესახებ საზოგადოება დამატებით  იქნება ინფორმირებული“,- აცხადებენ კომპანიაში.