LIVE

მაგთიკომი ანტიკორუფციული ბიუროსგან კახა ბექაურის ქმედებების შესწავლას ითხოვს

29 იან 202413:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 387
მაგთიკომი ანტიკორუფციული ბიუროსგან კახა ბექაურის ქმედებების შესწავლას ითხოვს

შპს მაგთიკომმა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს კახა ბექაურის ქმედებების შესწავლის მოთხოვნით მიმართა.

საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო 2024 წელს „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის“ გამო 300 თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციას შეამოწმებს, რომელთა შორისაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაურიცაა.

მაგთიკომის წერილში მოყვანილია ფაქტები, რომლებიც კომპანიის შეფასებით, დეტალურ შესწავლას საჭიროებს. კერძოდ, წერილის მიხედვით, გამოსაკვლევია ხომ არ იყენებს ბექაური თანამდებობას პირადი და ოჯახის კეთილდღეობისთვის. კომპანია ხაზს უსვამს, რომ საჭიროა გადამოწმდეს ბექაურის მეუღლის ანგარიშებზე მედიააკადემიიდან ჩარიცხული თანხები. მაგთიკომს კითხვები აქვს მედიააკადემიის ხარჯების გაუმჭვირვალობაზეც.

„მედიააკადემიის კონკრეტული ბიუჯეტის და მისი დეტალიზებული ხარჯვითი ნაწილის ფარულობის პარალელურად, აღსანიშნავია რომ ეკა ბერიძე (კომისიის თავმჯდომარის მეუღლე) 2020 წელს გვევლინებოდა მედიააკადემიის კონკრეტულ აქტივობებში, თუმცა ვინაიდან ამ ორგანიზაციის ხარჯვითი ნაწილი რატომღაც არასაჯაროა, უცნობია თანამშრომლობის კონკრეტული პირობები, მათ შორის, ანაზღაურების ნაწილი“,- აღნიშნულია მაგთიკომის წერილში.

ამასთან, მაგთიკომს ეჭვი აქვს, რომ ბექაური ფლობს კომპანიას, რომელიც შესაძლოა კომისიის რეგულირების სფეროში ექცეოდეს.

წერილში აღნიშნულია ისიც, რომ ბექაურს, რომელიც კომისიის ხელმძღვანელობიდან წლიურად 202 734 ლარს იღებს, სამეწარმეო საქმიანობიდან მხოლოდ 2022 წელს დივიდენდის სახით 15 მილიონ ლარამდე თანხა აქვს მიღებული.