LIVE

მაგთიკომი კომუნიკაციების კომისიას Fake News-ების გავრცელებაში ადანაშაულებს

18 იან 202415:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 448
მაგთიკომი კომუნიკაციების კომისიას Fake News-ების გავრცელებაში ადანაშაულებს

"მაგთიკომის" განცხადებით, კომუნიკაციების კომისია სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასებზე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. 

კომპანია კომისიის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მაღალსიჩქარიანი და მაღალი მოცულობის ინტერნეტი ევროპულზე ძვირია, დეზინფორმაციას უწოდებს.

"კომისია კვლავ იყენებს Fake News-ების გავრცელების კლასიკურ ტექნოლოგიას. 2023 წლის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების კვლევიდან, მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას - თითქოს საქართველოში არსებული ფასები აღემატება ევროპის ქვეყნების დონეს. აღნიშნული ხორციელდება კვლევაში კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაციის გამოყენებით, რითაც კომისია ცდილობს საქართველოში ბაზარზე მოქმედი საკომუნიკაციო კომპანიების დისკრედიტაციას და მიზნად ისახავს დარგისთვის შესაძლო დამაზიანებელი ქმედებების გამართლებას.

რეალურად კვლევის გაცნობის შედეგად:

  • საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების (პაკეტების) ფასები უმეტეს შემთხვევაში ევროპულ ქვეყნებთან მიმართებაში მნიშვნელოვნად იაფია;
  • მაგთიკომის მომხმარებლების უმრავლესობა სარგებლობს იმ შეთავაზებებით, რომელთა ღირებულება არა თუ აღემატება ევროპის ქვეყნების ანალოგიურ შეთავაზებებს, არამედ მოწინავე პოზიციებზეა სიიაფით;
  • მაგთიკომის ყველაზე მოთხოვნადი მომსახურების პაკეტები, მაგალითად „ულიმიტო მობილური ინტერნეტი" - ერთ-ერთი ყველაზე იაფია ევროპაში;
  • კვლევა (კომისიის არასწორი დაკვეთით) ფასების შესადარებლად იყენებს განსხვავებული წლების მონაცემებს/კოეფიციენტებს.

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რაც ნათლად ადასტურებს, რომ კომისია ცდილობს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და დაამახინჯოს რეალური შედეგები",- აღნიშნავენ კომპანიაში.

"მაგთიკომში" ამბობენ, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, კომისიის მხრიდან დღემდე არ ხდება კვლევაში გამოყენებული ინფორმაციისა და მასალების გაზიარება, რაც შეუძლებელს ხდის კვლევის სანდოობის დადასტურებას. 

კომუნიკაციების კომისიის საცალო ტარიფის რეგულირებიდან გამოსვლის შემდეგ, კომპანიებმა ფასები გაზარდეს, რის შემდეგაც კომუნიკაციების კომისიამ, 2022 წლის 5 ივლისს განაცხადა, რომ „მაგთის“ და „სილქნეტის“ ტარიფებს ევროპულს შეადარებდა და ზომებს სწორედ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე მიიღებდა. კვლევა საბოლოოდ 2023 წლის აპრილში, ბრიტანულმა კვლევითმა ორგანიზაციამ, Strategy Analytics-მა (Teligen, TechInsights) ჩაატარა. კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც გუშინ გასაჯაროვდა, ირკვევა რომ საქართველოში 100 მბ/წმ ფიქსირებული ინტერნეტი 136%-ით უფრო ძვირია ვიდრე ევროპაში, ხოლო 10 გბ. მობილური ინტერნეტისა და 1 795 წუთი სასაუბრო დროს ჯამური ღირებულება, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით მეტია. ამასთან, საქართველოში დაბალი მოცულობისა და სიჩქარის მომსახურებები, როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზარზე, კვლევაში შემავალი ქვეყნების ფასების თითქმის ანალოგიური ან უფრო იაფია. რაც შეეხება მაღალი მოცულობისა და სიჩქარის მომსახურებების ფასებს - ევროპული ქვეყნების საშუალოს მნიშვნელოვნად აჭარბებს.