
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) PISA-ს 2022 წლის შედეგების ანალიზს აქვეყნებს და სრულფასოვანი განათლების მიღების ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად სიღარიბეს ასახელებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამის გამო, მოსწავლეებს არ მიუწვდებათ ხელი საგანმანათლებლო მასალებზე და ვერ ერთვებიან შემეცნებით/სპორტულ აქტივობებში.
IDFI-ის კვლევის თანახმად, საქართველოში მცხოვრები ბავშვების 60%-ზე მეტს მინიმუმ ერთი მატერიალურ-სოციალური დანაკლისი აქვს. ასეთი დანაკლისი სოფლად მცხოვრები ბავშვების თითქმის ნახევარს - 47%-ს აქვს. ბავშვების 37.8%-სთვის ოჯახები სამ ან მეტ საჭიროებას ვერ უზრუნველყოფენ, რაც აღემატება ბავშვებში აბსოლუტური სიღარიბის დონეს - 19.6%-ს.
კვლევის თანახმად, ბავშვების 23.4%-ს მხოლოდ მატერიალური და სოციალური დანაკლისი აქვს, 5.3%-ს აბსოლუტური სიღარიბე, ხოლო ბავშვების 14.3% ერთდროულად ორივე პრობლემის წინაშეა.
მესამედზე მეტი არ იკვებება სკოლაში და მატერიალური მდგომარეობის გამომდინარე, მოსწავლეთა 45%-ს არ აქვს მისთვის სასურველი სულ მცირე ერთი საგანმანათლებლო მასალა: კომპიუტერი, წიგნი, სახატავი და ა.შ.
ცნობისთვის, PISA-ს განათლების კვლევაში საქართველოს 2022 წლის შედეგები, 2018 წელთან შედარებით, მათემატიკასა და კითხვაში გაუარესდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი მცირედით გაუმჯობესდა.
სამივე ნაწილში, საქართველო ჩამორჩება OECD-ის საშუალო მაჩვენებლებს. მათემატიკაში OECD-ის საშუალო მაჩვენებელი 472, კითხვაში - 476, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 485 ქულაა.