PISA-ს განათლების კვლევაში საქართველოს 2022 წლის შედეგები, 2018 წელთან შედარებით, მათემატიკასა და კითხვაში გაუარესდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი მცირედით გაუმჯობესდა.
უახლესი კვლევით, მათემატიკაში საქართველოს მაჩვენებელი 8 ქულით გაუარესდა და ამჟამად 390 ქულა აქვს, კითხვის მაჩვენებელი კი 6 ქულით 374 ქულამდე შემცირდა. 1 ქულით გაიზარდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ქულა და ის ახლა 384-ს შეადგენს.
სამივე ნაწილში, საქართველო ჩამორჩება OECD-ის საშუალო მაჩვენებლებს. მათემატიკაში OECD-ის საშუალო მაჩვენებელი 472, კითხვაში - 476, ხოლო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 485 ქულაა.
საქართველო PISA 2022-ში მონაწილე იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, სადაც სქესის მიხედვით გოგონების შედეგები აღემატება ბიჭების მიღწევებს.
PISA 2022-ში მონაწილეობდა 81 ქვეყნისა და ეკონომიკის დაახლოებით 690,000 მოსწავლე, რაც საბოლოოდ შეადგენს დაახლოებით 29 მილიონ 15 წლის მოზარდს.
საქართველოში PISA 2022 ციკლის საპილოტე კვლევა 2021 წლის მარტსა და აპრილში ჩატარდა, რომლის დროსაც გამოცადეს მათემატიკის კოგნიტიური სფეროს ახალი დავალებები და კითხვარები. 2022 წლის აპრილ-მაისში ჩატარდა ძირითადი საველე სამუშაოები.
საქართველომ შეფასებაში მონაწილეობა პირველად 2009 წელს მიიღო, ხოლო შემდეგი შეფასებები 2015, 2018 და 2022 წლებში ჩატარდა. PISA-ს კვლევას საქართველოში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს.