LIVE

OpenAI $100-მილიარდიანი დაფინანსების მიღებაზე მოლაპარაკებებს მართავს

23 დეკ 202313:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 507
OpenAI $100-მილიარდიანი დაფინანსების მიღებაზე მოლაპარაკებებს მართავს

ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ კომპანია, OpenAI $100-მილიარდიანი ან უფრო დიდი ოდენობის დაფინანსებების მოზიდვის შესახებ ადრეულ მოლაპარაკებებს მართავს.

უცხოური მედია საკითხთან დაახლოებულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ინვესტორებმა, რომლებიც ფონდების მოზიდვის პროცესში ჩართულნი იყვნენ, მიმდინარე მოლაპარაკებებშიც მიიღეს მონაწილეობა. თუმცა დეტალები დაფინანსების პირობების, ზუსტი ღირებულებისა და დროის შესახებ ჯერჯერობით დაუზუსტებელია.

CBInsights-ის მონაცემებით, იმ შემთხვევაში თუ OpenAI განხილულ დაფინანსებებს მიიღებს, ილონ მასკის SpaceX-ის შემდეგ, ის გახდება აშშ-ში ყველაზე მაღალი ღირებულების მქონე სტარტაპ კომპანია.

OpenAI გავრცელებული ინფორმაციის შესახებ ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გასულ თვეს ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის მომავალი, კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ამის მიზეზი აღმასრულებელი დირექტორის პოზიციის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გახდა. კომპანიის სამეურვეო საბჭომ პოზიციიდან მოულოდნელად გაათავისუფლა სემ ალტმენი, რის მიზეზადაც მის მიმართ ნდობის დაკარგვა დაასახელა.

მის მოულოდნელ გათავისუფლებას კომპანიაში თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. 770 დასაქმებულიდან 700-ზე მეტმა ალტმენის დაბრუნება და საბჭოს გადადგომა მოითხოვა. კომპანია დატოვა თანადამფუძნებელმა გრეგ ბროკმენმაც. ალტმენს მხარდაჭერა გამოუცხადა, სტარტაპის ყველაზე მსხვილმა ინვესტორმა Microsoft-მაც.

თუმცა რამდენიმე დღიანი აჟიოტაჟის შემდეგ, OpenAI-მ სემ ალტმანი აღმასრულებლის პოზიციაზე დააბრუნა. შეიცვალა კომპანიის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაც.