სემ ალტმენი OpenAI-ის ხელმძღვანელად ბრუნდება. ამის შესახებ კომპანიამ X-ზე (ყოფილი Twitter) დაწერა.
პოსტიდან ირკვევა, რომ შეიცვალა საბჭოს შემადგენლობაც. მას OpenAI-ის საბჭოს Salesforce-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ბრეტ ტეილორი, აშშ-ის ხაზინის ყოფილი მდივანი ლარი სამერსი და ამჟამინდელი დირექტორი, ადამ დანჯელო შეუერთდნენ. ამასთან, ბრეტ ტეილორი საბჭოს თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
საბჭო დატოვა სამმა დირექტორმა: ილია სუცკევერმა, ჰელენ ტონერმა და ტაშა მაკკოლმა. ისინი ალტმენის გადაყენების გადაწყვეტილებაში მონაწილეობდნენ.
We have reached an agreement in principle for Sam Altman to return to OpenAI as CEO with a new initial board of Bret Taylor (Chair), Larry Summers, and Adam D'Angelo.
We are collaborating to figure out the details. Thank you so much for your patience through this.
OpenAI-ს უბრუნდება თანადამფუძნებელი გრეგ ბროკმენიც, რომელმაც კომპანია ალტმენის გათავისუფლების შემდეგ დატოვა.
სიახლეს თავად ალტმენიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ OpenAI-ში დაბრუნებას მოუთმენლად ელის.
"მოუთმენლად ველი OpenAI-ში დაბრუნებას და Microsoft-თან ჩვენს ძლიერ პარტნიორობას", - წერს ალტმენი.
გასულ კვირას მის მოულოდნელ გათავისუფლებას თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა. კომპანიაში დასაქმებული 770 ადამიანიდან 700-ზე მეტმა ალტმენის დაბრუნება და საბჭოს გადადგომა მოითხოვა.
სემ ალტმენი OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან პარასკევს გაათავისუფლეს. საბჭომ განაცხადა, რომ ალტმენი კომუნიკაციაში ყოველთვის გულწრფელი არ იყო და მისი, როგორც ლიდერის მიმართ, ნდობა დაკარგა.
ალტმენის გათავისუფლების გამო, კომპანიის საბჭო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. კომპანია 2015 წელს დაარსდა, თუმცა გლობალურ წარმატებას გასულ წელს, ხელოვნური ინტელექტის ყველაზე ცნობილი ჩეტბოტის, ChatGPT-ის გამოშვების შემდეგ მიაღწია.