LIVE

"გულწრფელი არ იყო" - სემ ალტმენი OpenAI-ის CEO-ს პოსტიდან გაათავისუფლეს

18 ნოე 202310:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 388
"გულწრფელი არ იყო" - სემ ალტმენი OpenAI-ის CEO-ს პოსტიდან გაათავისუფლეს

ხელოვნური ინტელექტის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პირი, სემ ალტმენი OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი აღარ არის. 

პოსტიდან ის მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც საბჭომ განაცხადა, რომ ალტმენი კომუნიკაციაში ყოველთვის გულწრფელი არ არის და მისი, როგორც ლიდერის მიმართ, ნდობა დაკარგა. 

"სემ ალტმენის კომპანიიდან წასვლას წინ უსწრებდა სამეურვეო საბჭოს თათბირი, რომელმაც დაასკვნა, რომ ის ჩვენთან კომუნიკაციაში ყოველთვის გულწრფელი  არ ყოფილა, რაც ხელს უშლიდა მის შესაძლებლობას, შეესრულებინა მოვალეობები. საბჭო აღარ ენდობა მის უნარებს, გააგრძელოს OpenAI-ის მართვა," - ნათქვამია ყველაზე პოპულარული AI-ჩატბოტის, ChatGPT-ის მფლობელი კომპანიის განცხადებაში. 

თავად ალტმენი სიახლეს პლატფორმა X-ზე (ყოფილი Twitter) გამოეხმაურა. 

"მიყვარს დრო, რომელიც OpenAI-ში გავატარე. ეს იყო გარდამტეხი პირადად ჩემთვის და იმედია, ცოტათი სამყაროსთვისაც. ყველაზე მეტად მიყვარდა ასეთ ნიჭიერ ადამიანებთან მუშაობა. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, მომავალში მეტი მეცოდინება", - წერს ალტმენი. 

2015 წელს დაარსებულმა OpenAI-მ ChatGPT დაახლოებით ერთი წლის წინ გამოუშვა. სიახლემ AI ტექნოლოგიის მიმართ მზარდი ინტერესი გამოიწვია. 

ალტმენის პოსტიდან გადაყენების შემდეგ, ინვესტორებში გაურკვევლობა გამოიწვია. Bloomberg-ი წერს, რომ ზოგიერთი ტრანზაქცია შეჩერდა, ნაწილი კი გაუქმდა.