OpenAI-ს თანამშრომლები, სემ ალტმენის ხელმძღვანელობიდან გადაყენების გამო, კომპანიის საბჭოს გადადგომისკენ მოუწოდებენ.
წერილში ისინი ეჭვქვეშ აყენებენ საბჭოს კომპეტენციას და მუშაობაში ხელისშეშლაში ადანაშაულებენ. ამასთან, დასაქმებულები ითხოვენ, რომ საბჭომ ალტმენი თანამდებობაზე აღადგინოს.
მოთხოვნას ხელს 770 თანამშრომლიდან 700-ზე მეტი აწერს. მათ შორის არიან მაღალი რანგის მენეჯერები.
მათი მტკიცებით, არ შეუძლიათ იმუშაონ იმ ადამიანებთან, რომლებსაც არ აქვთ კომპეტენცია და არ ზრუნავენ თანამშრომლებსა და კომპანიის მისიაზე.
მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელმომწერები აცხადებენ, რომ კომპანიას დატოვებენ და შესაძლოა, Microsoft-ს შეუერთდნენ.
Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ალტმენის გათავისუფლების გამო, ინვესტორები ბორდისთვის ჩივილს განიხილავენ. გამოცემის ინფორმაციით, ისინი ამ საკითხზე იურისტებთან მსჯელობენ.
ინვესტორები შიშობენ, რომ შესაძლოა, OpenAI-ში ჩადებული ასობით მილიონი დოლარი დაკარგონ.
OpenAI-ს აღმასრულებლის პოზიციიდან გათავისუფლებული სემ ალტმენი Microsoft-ის ახალ AI კვლევით ჯგუფს უხელმძღვანელებს. ალტმენთან ერთად AI ჯგუფს უხელმძღვანელებს გრეგ ბროკმენი, OpenAI-ის საბჭოს წევრი და თანადამფუძნებელი. მან კომპანია, ალტმენის გადაყენების შემდეგ, პროტესტის ნიშნად დატოვა.
სემ ალტმენი OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან პარასკევს გაათავისუფლეს. საბჭომ განაცხადა, რომ ალტმენი კომუნიკაციაში ყოველთვის გულწრფელი არ არის და მისი, როგორც ლიდერის მიმართ, ნდობა დაკარგა.
ალტმენის გათავისუფლების გამო, კომპანიის საბჭო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. კომპანია 2015 წელს დაარსდა, თუმცა გლობალურ წარმატებას გასულ წელს, ხელოვნური ინტელექტის ყველაზე ცნობილი ჩეტბოტის, ChatGPT-ის გამოშვების შემდეგ მიაღწია.