Microsoft-ი და სხვა მსხვილი ინვესტორები OpenAI-ს მოუწოდებენ აღმასრულებლის პოზიციაზე დააბრუნოს სემ ალტმენი, რომელიც დირექტორთა საბჭომ მოულოდნელად გაათავისუფლა. უცხოური მედია ამის შესახებ საქმესთან დაახლოებულ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც ირკვევა, ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის უმსხვილესი მხარდამჭერი, $10 მილიარდიანი წილის მფლობელი Microsoft-ი, კიდევ ორ მსხვილ ინვესტორთან, Thrive Capital-თან და Tiger Global Management-თან ერთად ცდილობს ალტმენი უკან დააბრუნოს. ამის პარალელურად ინვესტორებს ამჟამინდელი საბჭოს შეცვლას და ახალი დირექტორების დანიშვნასაც განიხილავენ.
წყაროების ცნობით, Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორისთვის, სატია ნადელასთვის უცნობი იყო დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილება. ალტმენს პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ ნადელა დაუკავშირდა და მხარდაჭერა გამოუცხადა ნებისმიერ გადაწყვეტილებაში.
ცნობილია ისიც, რომ თავად ალტმენიც მზადაა უკან დაბრუნდეს, თუმცა ამ შემთხვევაში კომპანიის მმართველობაში ცვლილებების შეტანას მოითხოვს.
აღსანიშნავია, რომ ალტმენის გადაყენების შემდეგ OpenAI არაერთმა თანამშრომელმა დატოვა, მათ შორის, კომპანიის თანადამფუძნებელმა გრეგ ბროკმენმა.
სემ ალტმენი OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტიდან პარასკევს გაათავისუფლეს. ამის გამო კომპანიის საბჭო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. კომპანია 2015 წელს დაარსდა, თუმცა გლობალურ წარმატებას გასულ წელს, ხელოვნური ინტელექტის ყველაზე ცნობილი ჩეტბოტის, ChatGPT-ის გამოშვების შემდეგ მიაღწია.