LIVE

ეროვნულმა ბანკმა $40 მილიონი გაყიდა

22 მარ 202116:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1469
ეროვნულმა ბანკმა $40 მილიონი გაყიდა

22 მარტს გამართულ სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 40,000,000 დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3293 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ლარი უმნიშვნელოდ გაუფასურდა და ამჟამად, ოფიციალური კურსით, ერთი დოლარი 3.3326 ლარად ივაჭრება, ხოლო Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში - 3.3328 ლარად.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ეს ინტერვენცია დროში ემთხვევა თურქული ლირას მკვეთრ გაუფასურებას. მეზობელი ქვეყნის ვალუტამ გაუფასურება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, შაბათს, ცენტრალური ბანკის მმართველი გაათავისუფლა რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გამო, რაც ინფლაციის შეკავებას და ლირას სტაბილურობას ემსახურებოდა. არის მოლოდინი, რომ ახალი მმართველი საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს, ერდოღანის სურვილის თანახმად, რაც ლირას გაუფასურებას შეუწყობს ხელს.

 
 

იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორია, არ არის გამორიცხული ეროვნული ბანკის დღევანდელი ინტერვენცია სწორედ ლირასთან კავშირში ლარის შესაძლო გაუფასურების პრევენციას ემსახურებოდეს.

ეს ეროვნული ბანკის რიგით მეოთხე ინტერვენცია სავალუტო ბაზარზე 2021 წლის დასაწყისიდან და საერთო ჯამში მარეგულირებელმა 160 მილიონი დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თვის დასაწყისში განაცხადა, რომ მიმდინარე წელს სავალუტო ბაზრისთვის დოლარის მიწოდებას აქტიურად გააგრძელებს.