LIVE

სებ-ი ინტერვენციების საჭიროებას 2021-ს მეორე ნახევარშიც ხედავს

09 მარ 202116:22
3 წუთის საკითხავი
clock clock 838
სებ-ი ინტერვენციების საჭიროებას 2021-ს მეორე ნახევარშიც ხედავს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიმდინარე წელსაც აქტიურად მიაწვდის ბაზარს დოლარის რესურსს. კობა გვენეტაძის თქმით, ამჟამად ქვეყანას 4 მლრდ დოლარის უცხოური ვალუტის რეზერვები აქვს. 

"იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ ვიცით რამდენი დაგვჭირდება და როგორი სიტუაცია იქნება, უნდა მოხდეს დაბალანსებული გამოყენება ამ რეზერვების. შარშანვე განვაცხადეთ, რომ დიდი ალბათობით, ინტერვენციების გაგრძელება აუცილებელი იქნებოდა როგორც მინიმუმ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში. ეს ასეც არის და ჩვენ ვეხმარებით ბაზარს, რომ მან გააგრძელოს ნორმალური ფუნქციონირება. ვფიქრობ, დღევანდელი გადასახედიდან, წლის მეორე ნახევარშიც იქნება ინტერვენციების საჭიროება," განმარტა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

შარშან ეროვნულმა ბანკმა ბაზარს დაახლოებით 900 მილიონი დოლარი მიაწოდა, თუმცა მიუხედავად ამისა, გასული წლის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში 14%-ით გაუფასურდა. რაც შეეხება მიმდინარე წელს, წლის დასაწყისიდან დღემდე ეროვნულმა ბანკმა 120 მილიონი დოლარი გაყიდა.

კითხვაზე, რამდენ ხანს ეყოფა ქვეყანას 4 მილიარდი დოლარის რესურსი იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკის აღდგენა დაგვიანდა და კრიზისი გახანგრძლივდა, კობა გვენეტაძეს ზუსტი პასუხის გაცემა უჭირს. მისი თქმით, ის, თუ რა მოცულობის რეზერვს გამოიყენებს მარეგულირებელი დამოკიდებული იქნება ვაქცინაციის და ტურიზმის აღდგენის პროცესზე.

"ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, თუ რა შედეგს მოიტანს ვაქცინირების პროცესი, რომელიც ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს და საქართველოშიც დაიწყება, ტურიზმთან მიმართებაში. თუ ტურიზმი მალე ამოქმედდა და დაიწყო შემოსავლების გენერირება, ჩვენ უფრო ნაკლები ინტერვენციის გამოყენება დაგვჭირდება," განმარტა კობა გვენეტაძემ და დასძინა, რომ ყველაფერი რეზერვებით ვერ დაბალანსდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კრიზისის გახანგრძლივების შემთხვევაში "სავალუტო დანაკლისის ნაწილი საკუთარ თავზე გაცვლითმა კურსმა უნდა აიღოს".

მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სავალუტო რეზერვების ადექვატური დონის შენარჩუნება, ხოლო კითხვაზე, ინტერვენციები ყოველთვის ცალსახად ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით ხდება, თუ ამ პროცესზე მთავრობაც ახდენს გავლენას, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ ბაზრისთვის სავალუტო რესურსის მიწოდებას "ყოველთვის ეროვნული ბანკი წყვეტს და მთავრობას ამ პროცესზე გავლენა არ აქვს."