LIVE

ალექსანდრე რატიშვილი: იმპორტირებული შაქარი გაძვირდა, რაც პროდუქციაზეც გაზრდის ფასს

04 დეკ 202320:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 213
ალექსანდრე რატიშვილი: იმპორტირებული შაქარი გაძვირდა, რაც პროდუქციაზეც გაზრდის ფასს

კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ საქართველოში იმპორტირებული შაქარი გაძვირდა, რისი მიზეზიც მთავრობის მიერ შაქრის იმპორტზე დაწესებული გადასახადია.

როგორც გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტმა და კომპანია „ემბისი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, ერთ ტომარაზე ფასი 10-12 ლარის ფარგლებში უკვე გაიზარდა, მომდევნო თვეებში კი შაქრის კიდევ უფრო გაძვირებაა მოსალოდნელი, რაც სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქციის ფასზეც აისახება.

ამასთან, ალექსანდრე რატიშვილის განცხადებით, მთავრობის არგუმენტები შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით გაუგებარია.

„მთავრობის გადაწყვეტილებას შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით დადებითად ნამდვილად ვერ შევაფასებ. მყარი არგუმენტები ვერ მოვისმინეთ. ეს თითქოსდა ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად გაკეთდა, თუმცა შაქრის ადგილობრივი წარმოება მხოლოდ ერთი კომპანიითაა წარმოდგენილი, ესაა „აგარის შაქარი“, რომელსაც საქართველოში ამ პროდუქციის საწარმოებლად ნედლეული არ გააჩნია და თვითონაა მზა შაქრის და შესაბამისი ნედლეულის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი. ამიტომ, საქართველოსთვის ეს ინდუსტრია სტრატეგიულ დარგად ვერ ჩაითვლება. შესაბამისად, რა მოტივაცია ჰქონდა მთავრობას, ჩემთვის დღემდე გაუგებარია. სამაგიეროდ, როგორც კი ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა, იმპორტირებული შაქარი გაძვირდა. იმის გამო რომ ერთ კომპანიას ვითომ ხელი შეუწყოს მთავრობამ, ასობით სხვა კომპანია დაზარალდა, ვინც საკუთარ წარმოებაში ნედლეულად შაქარს იყენებს. ესაა უამრავი საკონდიტრო, კაფეები, წარმოებები. რაც მთავარია, ამ პროცესში ყველაზე მსხვილი დაზარალებული თავად მომხმარებელია, რომელსაც შაქარი გაუძვირდა. მინიმუმ 10 ლარით უკვე გაძვირებულია ერთი ტომარა იმპორტირებული შაქრის ღირებულება და მომდევნო პერიოდში მატება კიდევ უფრო მეტი იქნება. ეს ყველაფერი საბოლოოდ მომხმარებლისთვის სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქციასაც გააძვირებს, იქნება ეს საკონდიტრო თუ სხვა სახის ნაწარმი“, - განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა.  

ცნობისთვის, მთავრობის დადგენილებით, 20 ნოემბრიდან 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმება 1 კილოგრამზე 40 თეთრით განისაზღვრა. შესაბამისად, ყოველი ერთი ტონა შაქრის იმპორტის გადასახადი 400 ლარი იქნება. გადაწყვეტილება დროებითია და ძალაში 2024 წლის 1 ივლისამდე იქნება.