LIVE

გაძვირდება თუ არა შაქარი? - მინისტრის პასუხი

20 ნოე 202317:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 369
გაძვირდება თუ არა შაქარი? - მინისტრის პასუხი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას თქმით, შაქარზე იმპორტის გადასახადის გაზრდის მიუხედავად, შაქრის გაძვირების წინაპირობა არ არსებობს. 

"დღეს არანაირი წინაპირობა არ არის იმისთვის, რომ ფასი შაქარზე გაიზარდოს. ამ საკითხების დეტალურად განხილვებში არ ვიყავი ჩართული, ეკონომიკის სამინისტროა ჩართული, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი პირობა იყო ის, რომ შაქრის ფასზე სტაბილურობა შენარჩუნებულიყო ბაზარზე. შევხედოთ პროცესებს, მე ვფიქრობ, რომ ამის საშიშროება არ არის", - თქვა შამუგიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. 

მთავრობის დადგენილებით, დღეიდან 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას (სეს ესნ-ის 1701 91 000 00, 1701 99 100 00 და 1701 99 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული შაქრის შემთხვევებში) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმება 1 კილოგრამზე 40 თეთრით განისაზღვრა. შესაბამისად, ყოველი ერთი ტონა შაქრის იმპორტის გადასახადი 400 ლარი იქნება. 

გამონაკლისია შაქარზე გაცემული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატ EUR.1-ის ან წარმოშობის დეკლარაციის საფუძველზე საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევები. დადგენილების მოქმედება ასევე არ ვრცელდება იმ შაქრის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებაზეც, რომლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება დაიწყო ამ დადგენილების გამოქვეყნებამდე. 

გადაწყვეტილება დროებითია და ძალაში 2024 წლის 1 ივლისამდე იქნება.