LIVE

Threads-ის ანგარიშის Instagram-ისგან დამოუკიდებლად წაშლა უკვე შესაძლებელია

16 ნოე 202314:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 299
Threads-ის ანგარიშის Instagram-ისგან დამოუკიდებლად წაშლა უკვე შესაძლებელია

Instagram-თან დაკავშირებული Meta-ს ახალი სოციალური მედია ქსელის, Threads-ის ანგარიშის დამოუკიდებლად წაშლა უკვე შესაძლებელია. ამის შესახებ ინფორმაცია Instragram-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ადამ მოსერიმ გაავრცელა.

X-ის (ყოფილი Twitter-ი) მთავარ კონკურენტ პლატფორმაზე ანგარიშის შექმნა მხოლოდ Instagram-ის პროფილითაა შესაძლებელი. რეგისტრაციის მარტივი პროცედურის მიუხედავად, მომხმარებელთა კრიტიკა სწორედ ორ სოციალური მედია პლატფორმას შორის კავშირმა გამოიწვია, რადგან Threads-ის ანგარიშის წაშლა Instagram-ის შენარჩუნებასთან ერთად შეუძლებელი იყო. ნაცვლად ამისა, პლატფორმა მომხმარებელს მხოლოდ პროფილის დეაქტივაციის საშუალებას აძლევდა.

Threads-ს მარეგულირებლებიც აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ანგარიშის წაშლის ფუნქცია არ ჰქონდა. დიდი ბრიტანეთის კერძო დამკვირვებლის, Information Commissioner's Office-ის განცხადებით, Meta-ს შვილობილმა ამის შესახებ გაფრთხილება მათგან აპლიკაციის გაშვებისთანავე მიიღო.

მოსერიმ Threads-ზე გამოქვეყნებულ პოსტში კიდევ ერთი სიახლე დააანონსა. მალე მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ Instagram-სა და Facebook-ზე ავტომატურად გაზიარების ფუნქცია გათიშონ. ეს ფუნქცია Threads-ის პოპულარობის ზრდასა და გავრცელებას ემსახურებოდა. თუმცა მოსერიმ აღნიშნა, რომ კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თავისი აუდიტორიის აზრის მოსმენა და გათვალისწინება.

ტექნოგიგანტ Meta-ს შვილობილი, Threads-ი მიმდინარე წლის ივლისში ამოქმედდა. პლატფორმაზე პირველ 5 დღეში 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი დარეგისტრირდა. თუმცა ინტერესის ბუმი რამდენიმე თვეში შენელდა და თვიურად ნახევარი მილიონი რეგისტრაციიდან 100 მილიონამდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, პლატფორმა ილონ მასკის კუთვნილი X-ის პირდაპირ და აქტიურ კონკურენტად რჩება.