LIVE

Twitter-ის კონკურენტი Threads 100 მილიონ მომხმარებელზე ავიდა

11 ივლ 202311:19
3 წუთის საკითხავი
clock clock 376
Twitter-ის კონკურენტი Threads 100 მილიონ მომხმარებელზე ავიდა

Meta-ს ახალ სოციალურ პლატფორმა Threads-ზე, ამოქმედებიდან 5 დღეში, 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი დარეგისტრირდა. ამის შესახებ თავად კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი წერს და აღნიშნავს, რომ Threads-მა ყველაზე სწრაფად მზარდ პლატფორმას, ChatGPT-საც გადაუსწრო ზრდის ტემპებით.

აღსანიშნავია, რომ UBS-ის კვლევის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა ChatGPT-მა იანვარში, ანუ ამოქმედებიდან ორ თვეში, ისტორიაში ყველაზე სწრაფად მზარდი აპლიკაციის სტატუსი მოიპოვა.

Threads 6 ივნისს ამოქმედდა და მას შემდეგ რეკორდებს ამყარებს. პლატფორმას უკვე შეუერთდა არაერთი ვარსკვლავი, პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი. ანალიტიკოსების თქმით, Threads პირველი აპლიკაციაა, რომელიც რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ილონ მასკის Twitter-ისთვის.

„ეს ძირითადად ორგანული მოთხოვნაა, რადგან ჩვენ სარეკლამო კამპანია არც კი დაგვიწყია ჯერ“, - განაცხადა ცუკერბერგმა მას შემდეგ, რაც აპლიკაციამ გარდამტეხ მომენტს მიაღწია.

რაც შეეხება Twitter-ს, მასკის მმართველობის დაწყებამდე, გასული წლის ივლისში აპლიკაციას 240 მილიონი აქტიური ყოველდღიური მომხმარებელი ჰყავდა. თუმცა ვებ-ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მაჩვენებელი მას შემდეგ დავარდნილია. Threads-ის გაშვების შემდეგ დღეებში Twitter-ზე მომხმარებელთა აქტივობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით შემცირდა. თუმცა, მიუხედავად ასეთი მაჩვენებლებისა, Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი, ლინდა იაკარინო ორშაბათს გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, რომ თებერვლის შემდეგ პლატფორმაზე ყველაზე დიდი აქტიურობა დააფიქსირეს. ბოლოს კი დასძენს, რომ „მხოლოდ ერთი Twitter-ი“ არსებობს.

Twitter-ს აქამდეც ჰყავდა კონკურენტები Mastodon-ისა და Bluesky-ის სახით, თუმცა ძლიერი კონკურენციის გასაწევად მათი ქსელი საკმარისად დიდი არაა. ასე მაგალითად, Mastodon-ს 7.7 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, რომელთაგანაც მხოლოდ 2 მილიონია აქტიური. ხოლო Threads  ილონ მასკი ნამდვილ საფრთხედ რომ აღიქვამს, ამტკიცებს ის ფაქტი, რომ გაშვებიდან რამდენიმე დღეში მასკი Meta-ს წინააღმდეგ სარჩელის შეტანით იმუქრებოდა, მისი აპლიკაციის კონფიდენციალური და სავაჭრო საიდუმლოებების გამოყენების გამო.

მიუხედავად ასეთი წარმატებისა, Threads-ზე ბევრი ფუნქცია არაა ხელმისაწვდომი. ასეთია მაგალითად, პირდაპირი შეტყობინების გაგზავნა, დესკტოპის ვერსიის გაუმართაობა, რაც მნიშვნელოვანია, რამდენადაც ბიზნესები სწორედ ამ ვერსიას უფრო ეყრდნობიან. ასევე არ აქვს ჰეშტეგებისა და საკვანძო სიტყვებით ძებნის ფუნქცია, რაც ნაკლებ მიმზიდველია რეკლამის განმთავსებლებისთვის. თუმცა ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ Twitter-ის გარშემო შექმნილი ბოლოდროინდელი აკრძალვებით გამოწვეული აჟიოტაჟი, ასეთ ჯგუფებსაც Threads-ის მხარეს მოაქცევს.

ამჟამად Threads-ზე რეკლამა არ თავსდება და ცუკერბერგის თქმით, კომპანია მონეტიზაციაზე მხოლოდ მას შემდეგ იფიქრებს, რაც მომხმარებლების 1 მილიარდამდე გაზრდის შესაძლებლობა რეალური იქნება.

Meta-ს აქციები ორშაბათს 1.2%-ით გაიზარდა და მიმდინარე წელს 140%-იანი ზრდა აქვს.