LIVE

რომ არა პროფესიისადმი სიყვარული, ამ ხელფასზე ექთნობას არავინ აირჩევდა - ვატო სურგულაძე

22 ოქტ 202312:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 335

ჯანდაცვის ექსპერტი, ვატო სურგულაძე ამბობს, რომ ქვეყანაში ექთნების პროფესია დაფასებული არაა და მათ საკმაოდ დაბალ ხელფასზე უწევთ მუშაობა, რაც კადრების დეფიციტს კიდევ უფრო აღრმავებს.

როგორც მან "ბიზნეს ფორმულასთან" აღნიშნა, ექთნისა და მეანი ექთნის პროფესიის დარეგულირება თავისი არსით ცუდი არ არის, თუმცა საჭიროა სწორი გეგმის შემუშავება, კადრების გადამზადება და პროფესიის უფრო პრესტიჟულად წარმოჩენა.

"რეფორმის იდეა საკმაოდ კარგია, თუმცა გააჩნია როგორ განვახორციელებთ მას. ასევე მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოხდება კადრების გადამზადება და მათი გამოცდებისთვის მომზადება. ყველა მთავრობა ამბობს, რომ ექთნების დეფიციტს მოაგვარებს, თუმცა ამისთვის ნაბიჯი არავის არ გადაუდგამს. ის ანაზღაურება რაც მათ აქვთ, ეს არის კატასტროფა. რომ არ უყვარდეს საკუთარი პროფესია, არც ერთი თავმოყვარე ადამიანი ამ პროფესიას არ აირჩევს. ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ჩავატარებთ გამოცდებს და როგორ მივუდგებით კადრების გამოცდებისთვის მომზადებას. არ გამოვრიცხავ იმასაც, რეფორმამ უარყოფითი შედეგი გამოიღოს და შეამციროს კადრები. რადგან მათ დიდ ნაწილს შესაძლოა გამოცდების ჩაბარება გაუჭირდეს", - განაცხადა ვატო სურგულაძემ

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში ექთნის და მეანი ექთნის პროფესია რეგულირებადი გახდება. ცვლილება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონშია დაგეგმილი. კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება.