LIVE

საექთნო და მეანი ექთნის საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის გამოცდის ჩაბარება ხდება საჭირო

16 ოქტ 202315:04
3 წუთის საკითხავი
clock clock 418
საექთნო და მეანი ექთნის საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის გამოცდის ჩაბარება ხდება საჭირო

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში ექთნის და მეანი ექთნის პროფესია რეგულირებადი გახდება.

ცვლილება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონშია დაგეგმილი. კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილების მიზანია სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ექთნებისა და მეანი ექთნების განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, საექთნო პერსონალის დეფიციტის დაძლევა, ასევე, საქმიანობის კონტროლისა და ზედამხედველობის გაუმჯობესება.

„საექთნო საქმიანობის რეგულირება, დამოუკიდებელი საექთნო და მეანი ექთნის საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის, შესაბამისი სარეგისტრაციო/სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს. გამოცდის ჩაბარება დაინტერესებული პირის მიერ პროფესიული კოლეჯის დამთავრების შემდეგ მოხდება და შედეგად სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის წოდება მიენიჭება, ხოლო ბაკალავრიატის დამთავრების შემთხვევაში, გამოცდის ჩაბარებისას მიენიჭება რეგისტრირებული ექთნის წოდება. გარდა ამისა, საქმიანობა დაექვემდებარება პროფესიულ პასუხისმგებლობას. 

ცვლილება ასევე ითვალისწინებს ექთნებისა და მეანი ექთნების პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაზრდასაც. მათ შორის - დიპლომის შემდგომი განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამათა ამოქმედებას.

დაინერგება სპეციალიზებული პროგრამები, რომლებიც მედიცინის კონკრეტულ მიმართულებებში გაძლიერებული მომზადების მქონე ექთან-სპეციალისტების დასაქმებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით განისაზღვრება ექთნებისა და მეანი ექთნების კომპეტენციები, მათი კლინიკური პრაქტიკის შინაარსისა და მოცულობის გათვალისწინებით.

მედდის/ექთნის თანაშემწის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მქონე პირებს, რომლებმაც აღნიშნული დოკუმენტი 2020 წლის 1 იანვრამდე აიღეს, სრული ზოგადი განათლების დადასტურებისა და 3 წლის შესაბამისი სამუშაო სტაჟის არსებობის შემთხვევაში, სტატუსი შეუნარჩუნდებათ და მიეცემათ უფლება, მოიპოვონ ექთნის წოდება.