კომუნიკაციების კომისიამ (ComCom) „ქლაუდ ცხრა” მომსახურების კანონდარღვევით გაწევისთვის გააფრთხილა. აღნიშნული კომპანიის მომსახურების გამოყენებით adjaranet.to, adjaranet.com და imovies.cc მუშაობას აგრძელებენ.
კერძოდ, როგორც კომისიაში განმარტავენ, მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ კომპანია, რომელიც ინტერნეტმომსახურებას სწორედ „ქლაუდ ცხრისგან“ იღებს, ავრცელებს საავტორო უფლებების დამრღვევ ისეთ ვებგვერდებს, როგორებიცაა adjaranet.to, adjaranet.com და imovies.cc.
"2023 წლის ივნისში კომუნიკაციების კომისიამ „ქლაუდ ცხრას” მიაწოდა ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ და მისი მომსახურების მეშვეობით ვებგვერდების გავრცელების აღსაკვეთად ვადა განუსაზღვრა. რის შემდეგაც, „ქლაუდ ცხრამ” კომუნიკაციების კომისიას აცნობა, რომ შეასრულა კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები. თუმცა, ComCom-მა მოგვიანებით არალეგალური ვებგვერდები კვლავ შეამოწმა და კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ „ქლაუდ ცხრას” მომსახურების გამოყენებით adjaranet.to, adjaranet.com და imovies.cc ფუნქციონირებას აგრძელებდნენ.
გამომდინარე იქიდან, რომ „ქლაუდ ცხრამ” „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონი და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტი დაარღვია, კომუნიკაციების კომისიამ კომპანია წერილობით გააფრთხილა",- აცხადებენ კომისიაში.
საქართველოში, მეკობრული ვებგვერდები, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, აგვისტოს ბოლოს გაითიშა. მარეგულირებელში განმარტავდნენ, რომ ინტერნეტ სივრცეში მოპარული კონტენტის გავრცელება კანონით აკრძალულია და ვინაიდან მეკობრულმა ვებგვერდებმა, მათ შორის, adjaranet-მა და imovies-მა არ შეცვალეს საკუთარი პრაქტიკა, ინტერნეტ პროვაიდერებს აღნიშნული საიტების კანონის შესაბამისად გათიშვა დაევალათ. აღსანიშნავია, რომ საიტებმა მუშაობა მალევე განაახლეს, რაზეც კომისიაში აცხადებდნენ, რომ ისინი მომხმარებლებს კონტენტს კვლავ არალეგალურად სთავაზობდნენ და საკითხის შესწავლა მიმდინარეობდა.