LIVE

მოპარული კონტენტის გავრცელება აკრძალულია - კომისია adjaranet-ის და imovies-ის გათიშვაზე

24 აგვ 202213:09
3 წუთის საკითხავი
clock clock 1933
მოპარული კონტენტის გავრცელება აკრძალულია - კომისია adjaranet-ის და imovies-ის გათიშვაზე

კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, ინტერნეტ სივრცეში მოპარული კონტენტის გავრცელება კანონით აკრძალულია და ვინაიდან მეკობრეულმა ვებგვერდებმა, მათ შორის, adjaranet-მა და imovies-მა არ შეცვალეს საკუთარი პრაქტიკა, ინტერნეტ პროვაიდერებს აღნიშნული საიტების კანონის შესაბამისად გათიშვა დაევალათ.

კომისიამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ფილმების სტრიმინგის ორი პოპულარული ქართული საიტი adjaranet.com და imovies.cc გაითიშა. ამ დროისთვის ორივე ვებ-გვერდზე შესულ მომხმარებელს ხვდება ერთადერთი შეტყობინება: "საიტი რეკონსტრუქციის პროცესშია." დამატებით განმარტებას ზემოხსენებული ვებ-გვერდების მფლობელი კომპანიები ამ დრომდე არ აკეთებენ. აღნიშნული დროში ემთხვევა Cavea.plus-ის გაშვებას, რომელიც ადგილობრივი და გლობალური კინოსტუდიების (Disney, Sony, Warner, Paramount, Universal, HBO და ა.შ.) კონტენტის ლეგალურ გავრცელებას უზრუნველყოფს ქართულ ბაზარზე და ამ ეტაპზე, მომხმარებელს ფილმებისა და სერიალების სამი ტიპის ნაკრებს სთავაზობს. აქედან ორი პაკეტი ფასიანია, ხოლო ერთი - ჯერჯერობით უფასო.

ამის პარალელურად, მარეგულირებელი კომისია ამბობს, რომ ორ წელზე მეტია ინტენსიურად მუშაობს ვებ-გვერდებთან, რომლებიც მეკობრეულ აუდიო-ვიზუალურ პროდუქციას ავრცელებენ.

"კომუნიკაციების კომისიამ ვებგვერდების წარმომადგენლებს თითქმის ორწლიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ საკუთარ პლატფორმებზე განთავსებული კონტენტი კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ და ლეგალურად განეთავსებინათ. კომუნიკაციების კომისიამ გასულ კვირაში ხანგრძლივი სამუშაო პროცესის გასვლის შემდეგ, კიდევ ერთხელ მიმართა იმ ვებგვერდებს, რომლებიც მოპარულ კონტენტს ავრცელებენ, რომ გაათავისუფლონ საკუთარი პლატფორმები არალეგალური კონტენტისგან. იმ ვებგვერდებთან დაკავშირებით, რომლებმაც კომისიის მოთხოვნის მიუხედავად არ ამოიღეს საკუთარი პლატფორმიდან არალეგალური კონტენტი, კომისიამ უკვე მიმართა ინტერნეტ სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულნი არიან მოახდინონ რეაგირება და მიიღონ შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით“, - აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

მარეგულირებლის განმარტებით, საავტორო უფლებების დარღვევით, ინტერნეტ სივრცეში აუდიო-ვიზუალური კონტენტის განთავსება, სერიოზულ ფინანსურ ზიანს აყენებს კომპანიებს, რომლებიც სწორედ ამ კონტენტში იხდიან თანხას იმისთვის, რომ ფილმები თუ სერიალები მომხმარებელს ლეგალურად შესთავაზონ.

„საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ბეჟაშვილი „ბიზნეს ფორმულასთან“ აღნიშნავს, რომ პირატულ ვებგვერდებს ლეგალური უფლების მიღების თხოვნით საავტორო უფლების მფლობელებისთვის არ მიუმართავთ.

„ვებგვერდებთან მუშაობა წლებია მიმდინარეობს. მათ გარდამავალი პერიოდი მიეცათ, რომ საქმიანობა გაელეგალურებინათ, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არ გააკეთეს. არ სურთ. როგორც ვხვდებით, მიწისქვეშა ბიზნესში ინაცვლებენ, როგორც კრიმინალი ისე ყალიბდება ფარულ საქმიანობად,  რადგან არც განცხადებას აკეთებენ, არც საავტორო უფლების მფლობელებისთვის მიუმართავთ და გალეგალურება უთხოვიათ. თუ გადაწყვეტენ, რომ ლეგალურები გახდნენ, მზად ვართ, ამ პროცესში დავეხმარებით“, - აღნიშნა ზურაბ ბეჟაშვილმა.

„საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, საზოგადოებამ ლეგალური პლატფორმების მოხმარება უნდა დაიწყოს. მისი თქმით, ახლა ინდუსტრია განვითარების ახალ ეტაპზე გადადის.  

„საქართველო იქცა პირატობის ჰაბად. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ინდუსტრიაში საქართველოს ასე მოიხსენიებენ. თუ პირატულ ვებგვერდებს არ დავხურავდით, ლეგალური ალტერნატივა არ გაჩნდებოდა. პირატული ვებგვერდები დაიბლოკა და ახლა ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ იგივე ხარისხის ლეგალური პლატფორმები შეიქმნას.

ფილმების ლეგალური საიტი CAVEA.PLUS ბაზარზე უკვე შემოვიდა. ხელმისაწვდომია Netflix-ი. როდესაც პირატული ვებგვერდები არ იქნება, ქართული გახმოვანებით ფილმები დაიდება Netflix-ზეც, ასევე შემოვა HBO, Disney Plus-ი და ყველაფერი ხელმისაწვდომი იქნება. რეალურად ჩვენ განვითარების ახალ ეტაპზე გადავდივართ“, - განაცხადა ზურაბ ბეჟაშვილმა.