LIVE

სასწორზეა ქვეყნის ეკონომიკა და იმიჯი - დაუშვილი სებ-ში მიმდინარე მოვლენებზე

21 სექ 202314:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 364
სასწორზეა ქვეყნის ეკონომიკა და იმიჯი - დაუშვილი სებ-ში მიმდინარე მოვლენებზე

კომპანია „დიოს“ დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, თამაზ დაუშვილის განცხადებით, ეროვნულ ბანკში მიმდინარე მოვლენები კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს აზიანებს.  

„ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას დაუშვილმა აღნიშნა, რომ სასწორზეა ქვეყნის ეკონომიკა და იმიჯი.  

„სასწორზეა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, ქვეყნის იმიჯი. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი დგას ქვეყნის წინაშე, რადგან შემოდგომის მიწურულს ველოდებით, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ასეთი ქმედებები კი პროცესს აზიანებს. არ ვისურვებ, რომ ეს გაგრძელდეს. ვფიქრობ, სიტუაციის გამოსწორების რესურსი არის. მინდა დავიჯერო, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ამას მოახერხებს“, - განაცხადა თამაზ დაუშვილმა. 

19 სექტემბერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. ცვლილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. 

სებ-მა სანქციების შესრულების წესში ცვლილება მას შემდეგ შეიტანა, რაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესა.

ამ საკითხს გუშინვე გამოეხმაურნენ კომერციული ბანკები, რომლებიც აცხადებენ, რომ საერთაშორისო სანქციების დაცვას გააგრძელებენ.

ნათია თურნავას მიერ სანქციების შესრულების წესის ერთპიროვნულად შეცვლის შემდეგ, ეროვნული ბანკისა და შესაბამისად, ეროვნული ბანკის საბჭოს დატოვების გადაწყვეტილება, სებ-ის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ, ნიკოლოზ გაგუამ და არჩილ მესტვირიშვილმა მიიღო.