LIVE

ანაკლიის პორტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე 2 კომპანია გადავიდა

20 სექ 202316:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 387
ანაკლიის პორტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე 2 კომპანია გადავიდა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე 2 კომპანია გადავიდა. შესაბამისი გადაწყვეტილება, კერძო პარტნიორის შერჩევის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა სამთავრობო კომისიამ მიიღო.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, გაფორმდა შესაბამისი ოქმები, რომლებსაც ხელი კომისიის წევრებმა, მათ შორის ეკონომიკის, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრებმა მოაწერეს.

„კვალიფიცირებულ კანდიდატებს მიეცემათ რამდენიმეთვიანი ვადა ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების წარმოსადგენად, რომელთა შეფასების შედეგად კომისია გამოავლენს გამარჯვებულს და ეკონომიკის სამინისტრო დაიწყებს მოლაპარაკებებს კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფომ უკვე დააფუძნა კომპანია, რომელმაც დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით. სამინისტროს განცხადებით, ამავე კომპანიას, კაპიტალშენატანის სახით, გადაეცემა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი. 

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება და 51%-ის მფლობელი სწორედ სახელმწიფო იქნება, ხოლო 49% კერძო პარტნიორის მფლობელობაში გადავა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა თებერვალში გამოცხადდაივნისის ბოლოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა დასრულდა.

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში გაწყვიტა. პროექტის შეჩერების შემდეგ, ინვესტორმა კომპანიამ საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავა დაიწყო. 

ნოემბერში „ფორმულამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ჩანაწერი, საიდანაც ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ანაკლიის პორტით დაინტერესდა.