LIVE

დავითაშვილის თქმით, ანაკლიის პორტით რამდენიმე საერთაშორისო კომპანია დაინტერესდა

26 ივნ 202316:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 442
დავითაშვილის თქმით, ანაკლიის პორტით რამდენიმე საერთაშორისო კომპანია დაინტერესდა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა დასრულდა. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტით რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო კომპანიაა დაინტერესებული.

„ანაკლიასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვას რაც შეეხება, განაცხადების მიღება 19 ივნისს დასრულდა. ვადასტურებ, რომ განაცხადი რამდენიმე საერთაშორისო კომპანიისგან მივიღეთ. არის ინდივიდუალურად კომპანიები, ასევე კომპანიათა გაერთიანებები და კონსორციუმები.

კომპანიების მიმართ შესაბამისობის გარკვეული კრიტერიუმები იყო მოთხოვნილი, მათ შორის, ფინანსური მდგრადობისა და კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია. ახლა მიდის ამის დამუშავება და უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით უფრო დეტალურ ინფორმაციას, მონაწილე კომპანიების, მათი გამოცდილების შესახებ და ა.შ. ჩვენი სააგენტო ინტენსიურად მუშაობს, რომ განაცხადები დამუშავდეს. რამდენიმე განაცხადი მივიღეთ მნიშვნელოვანი საერთაშორისო კომპანიებისგან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად ინტერესთა გამოხატვა თებერვალში გამოცხადდა. შერჩეულ ინვესტორთან დაფუძნდება ერთობლივი კომპანია, რომელშიც, სახელმწიფო იქნება 51%-ის მფლობელი, ხოლო 49% კერძო პარტნიორის მფლობელობაში გადავა.

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული ხელშეკრულება 2020 წლის იანვარში გაწყვიტა. პროექტის შეჩერების შემდეგ, ინვესტორმა კომპანიამ საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო დავა დაიწყო. 

ნოემბერში „ფორმულამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ჩანაწერი, საიდანაც ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ანაკლიის პორტით დაინტერესდა.