LIVE

AstraZeneca-ს ვაქცინის 43,200 დოზა საქართველოშია

13 მარ 202110:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 716
AstraZeneca-ს ვაქცინის 43,200 დოზა საქართველოშია
UNICEF Georgia

AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 43,200 დოზა საქართველოშია. ორი დღის განმავლობაში ვაქცინა რეგიონებში განაწილდება, ვაქცინაციის პროცესი კი 15 მარტს დაიწყება. ამ დოზებით სამედიცინო პერსონალის აცრა იგეგმება. ვაქცინა სრულად იქნება გამოყენებული პირველი დოზებისთვის. განმეორებითი აცრა მას შემდეგ მოხდება, რაც ქვეყანაში AstraZeneca-ს დამატებითი დოზები  შემოვა. როგორც ცნობილია, ვაქცინის დამატებითი 86,400 დოზა აპრილში ჩამოვა. 

სავარაუდოდ, 22 მარტიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კომერციულადაც შემოვა. AstraZeneca-ს ვაქცინის შემოტანას სადაზღვევო კომპანიები გეგმავენ

საქართველომ კორეის რესპუბლიკაში წარმოებული ვაქცინები COVAX პლატფორმის საშუალებით მიიღო, რაშიც მთავრობას გაეროს ბავშვთა ფონდი დაეხმარა. ვაქცინის შემოტანის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სწორედ ამ ორგანიზაციამ გაავრცელა. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ AstraZeneca, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, 16 თებერვალს დაამტკიცა. მისი ეფექტიანობა 63%-დან 82,4%-მდე მერყეობს. AstraZeneca-ს შენახვას განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება, რაც ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის ხელსაყრელ პირობას ქმნის. 

AstraZeneca-ს გარდა, მარტის ბოლოს ქვეყანა ელოდება Pfizer-ის ვაქცინასაც. მთავრობის განცხადებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს Moderna-თან, ასევე Johnson & Johnson’s-თან, თუმცა ვაქცინის შემოტანის კონკრეტული თარიღი, მწარმოებელი და რაოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.