LIVE

AstraZeneca-ს ვაქცინა საქართველოში კომერციულადაც შემოვა

12 მარ 202116:24
3 წუთის საკითხავი
clock clock 2876

საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინა კომერციული მიზნითაც შემოვა. სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფარმაცევტულ კომპანიებთან, რომლებიც ვაქცინას კომერციული მიზნით შემოიტანენ. თავის მხრივ, რაოდენობებზე შეთანხმების შემდეგ, სადაზღვევო კომპანიები საკუთარ დაზღვეულებს ფასიან ვაქცინაციას შესთავაზებენ.

სადაზღვევო კომპანია Global Benefits Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნინა კობახიძემ ბიზნესფორმულას განუცხადა, რომ კომერციულ ვაქცინას 22 მარტიდან ელიან, ხოლო მიწოდება აპრილიდან დაიწყება.

"გვაქვს კომუნიკაცია იმ ფარმაცევტულ კომპანიებთან, რომლებიც მომავალში იქნებიან ვაქცინის შემომტანები. სწორედ მათთან კომუნიკაციაზე დაყრდნობით, შემიძლია გითხრათ, რომ ისინი ელოდებიან 22 მარტის კვირაში, AstraZeneca-ს ვაქცინას. იმისთვის, რომ გავიგოთ რა რაოდენობა სჭირდებათ ჩვენს დაზღვეულებს, უკვე დავიწყეთ კვლევა. მიზანია გავიგოთ ნებაყოფლობით რამდენი ადამიანი აიცრება. შემდგომ, კონკრეტული ფასის გადახდის სანაცვლოდ, ვაქცინას ჩვენს დაზღვეულებს შევთავაზებთ", - თქვა ნინა კობახიძემ. 

მისივე თქმით, მათ მიერ შეთავაზებული ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება იმ პირებისთვისაც, ვისაც კომპანია არ აზღვევს. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, კობახიძე განმარტავს, რომ კომპანიის მიერ მიწოდებული ვაქცინა თვითღირებულებას არ გადააჭარბებს.

"ფასი, სავარაუდოდ, არ იქნება თვითღირებულებაზე მაღალი, რადგან მოგებაზე არავინ არის ორიენტირებული. პირადად ჩვენი კომპანის თანამშრომლებისთვის ვაქცინაციას ჩვენ დავაფინანსებთ. მთავარია, მათი მხრიდან იყოს შესაბამისი სანდოობა და სურვილი ვაქცინა გაიკეთონ",- აღნიშნა ნინა კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობას 13 მარტს AstraZeneca-ს 43,200 დოზა შემოაქვს. ჯადანცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პირველ ჯერზე ზუსტად ამდენივე ადამიანი აიცრება. რაც შეეხება ამ პირების მეორედ აცრისთვის საჭირო დოზებს, როგორც მინისტრმა თქვა, საქართველოს აქვს დასტური მომწოდებელი კომპანიისგან, რომ 6-12 კვირაში ვაქცინის დამატებითი დოზები შემოვა.

AstraZeneca-ს გარდა, მარტის ბოლოს ქვეყანა ელოდება Pfizer-ის ვაქცინასაც. ასევე გუშინ ითქვა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს Moderna-თან, ასევე Johnson & Johnson’s-თან.  მოლაპარაკების სტადიაშია კოვაქსის პლატფორმის გამოყენებით საჭირო დოზების შემოტანაც. 

ჩინური ვაქცინის შემთხვევაში კი, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, უახლოეს მომავალში Sinopharm-ი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტაციას მიიღებს. საქართველო კი მასთან წინასწარ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. პირველი ეტაპისთვის საუბარია 100 ათასს დოზაზე.