LIVE

7 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა - საქსტატი

31 აგვ 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 465
7 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.2%-ით გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის, წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელი 7.2%-ით განისაზღვრა.

2023 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, ვაჭრობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობის, ინფორმაციის და კომუნიკაციის დარგებში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვეში ეროვნულმა ბანკმა საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1 პროცენტული პუნქტით გააუმჯობესა. სებ ელის, რომ წელს ქვეყნის ეკონომიკა 6%-მდე გაიზრდება. საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი. საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის საშუალოდ 6%-ით ზრდას პროგნოზირებს. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზრდება. 4.5%-იან ზრდას ელის აზიის განვითარების ბანკი (ADB).