ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია ჯანდაცვის სამინისტროს ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ წამლებზე რეფერენტული ფასების დაწესების შემდეგ შექმნილი დეფიციტი არასწორად შემუშავებული და გატარებული რეფორმების შედეგია.
ასოციაცია ავრცელებს ეპილეფსიის საწინააღმდეგო იმ მედიკამენტების ჩამონათვალსაც, რომელთა იმპორტი, მათი ინფორმაციით, რეფერენტული ფასების დაწესების გამო ვერ ხერხდება და ხაზს უსვამს, რომ ამავე მიზეზით, დეფიციტურია მაღალი სანდოობისა და ხარისხის ევროპული მედიკამენტები.
ასოციაციაში ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ, გადაინაცვლოს ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმში.
"ბიზნეს ფორმულა" ასოციაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას სურს გამოეხმაუროს ფარმაცევტული დარგისადმი გავრცელებულ ბრალდებებს, რაც პირდაპირ ემსახურება ქართული, ეროვნული კომპანიების მიმართ მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებას და სექტორის რეპუტაციის შელახვას. ამ დარგმა ქვეყანაში შექმნა და უმაღლეს სტანდარტებზე აიყვანა დამოუკიდებელი ფარმაცევტული საქმიანობა, ასაქმებს ათიათასობით ადამიანს და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადასახადის გადამხდელი სექტორია ქვეყანაში .
ჩვენ ვცდილობდით, სექტორში წამოჭრილი პრობლემების თაობაზე საუბარი გადაგვეტანა რეგულატორთან სამუშაო ფორმატში, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, თანამშრომლობისა და კოლეგიალობის ნაცვლად, ვისმენთ უსაფუძვლო ბრალდებებს , რაც სავარაუდოდ მიზანმიმართულად ხორციელდება იმისათვის, რომ გადაიფაროს არასწორად შემუშავებული და გატარებული რეფორმები, ეს კი განაპირობებს იმ დეფიციტების წარმოშობას ბაზარზე, რომელიც ბოლო პერიოდში რეფერენტული ფასების დაწესების შემდგომ გაჩნდა.
20 ივლისს გავრცელებულმა მორიგმა ბრალდებამ, რომელიც უკავშირდებოდა ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე „დეპაკინ ქრონო“-ზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტების ე.წ. გამოვლენას, გადალახა სექტორისთვის ის მორალური ზღვარი, რამაც განაპირობა ჩვენი საჯარო დუმილის დარღვევა.
ჯანდაცვის სამინისტროს უსაფუძვლო ბრალდებებზე ჩვენი მხრიდან გაკეთდა განცხადება, სადაც განმარტებულ იქნა ყველა არსებული წინაპირობა, მაგრამ ვფიქრობთ, საზოგადოებამ კიდევ უფრო დეტალურად უნდა იცოდეს, თუ რა არის ნამდვილი მიზეზები, რაც განაპირობებს უკვე არსებულ და მომავალში მოსალოდნელ დეფიციტებს.
მედიკამენტ „დეპაკინ ქრონო“-თი ბაზრის მომარაგება ძირითადად ხდება მწარმოებლის მიერ მოწოდებული და თურქეთიდან პარალელური იმპორტით შემოტანილი მარაგებით. ბაზრის ძირითადმა იმპორტიორებმა მედიკამენტი „დეპაკინ ქრონო“-ს იმპორტისთანავე განახორციელეს მისი განბაჟება, ყველა სტანდარტული და მოთხოვნილი ხარისხის შესაბამისობის შემოწმება და გაუშვეს მედიკამენტი რეალიზაციაში ქსელებსა და დამოუკიდებელ აფთიაქებში, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მედიკამენტი „დეპაკინ ქრონო“-ს მოწოდება ხორციელდება შეფერხებით, რაც გამოწვეულია მწარმოებლის მხრიდან შეფერხებული საწარმოო პროცესით და მომარაგებით. ასევე ვაცხადებთ, რომ ამ მედიკამენტის მოწოდება პარალელური იმპორტის რეჟიმით თურქეთიდანაც ვერ ხორციელდება, ვინაიდან მისი ღირებულება აღემატება რეფერენტულ ფასს. საერთო ჯამში, დისტრიბუტორებს მიეწოდება შეკვეთილი რაოდენობიდან 20-დან 30 პროცენტამდე მედიკამენტი, ისიც შეფერხებებით. ამ პროცესში ვერანაირად ვერ მოხდება იმპორტიორ კომპანიებზე ისრების გადატანა და მათი მისტიურ გარიგებებსა თუ საბოტაჟში დადანაშაულება.
საზოგადოებისათვის ცნობილი უნდა გახდეს ის ფაქტიც, რომ არასწორი რეგულირების სისტემის გამო, რეფერენტული ფასის დადგენის შემდეგ, ვერ ხორციელდება ეპილეფსიის საწინააღმდეგო სხვა მედიკამენტების იმპორტი აღნიშნიული ჯგუფიდან: ლამოტრიგინი ნორმონი ტაბლეტი 50მგ #56, ლამოტრიგინი ნორმონი ტაბლეტი 100მგ #56, ტეგრეტოლი CR ტაბლეტი 200მგ #20, ტეგრეტოლი ტაბლეტი 200მგ /TR/ #24, ფინლეპსინი ტაბლეტი 200მგ #50, ფინლეპსინი რეტარდი ტაბლეტი 200მგ #50, კარბამაზეპინი ტაბლეტი 200მგ #100, ლამიქტალი ტაბლეტი 50მგ #30, ლამიქტალი ტაბლეტი 100მგ #30, ლამიქტალი ტაბლეტი 25მგ #30, ლამოტრიგინი ნორმონი ტაბლეტი 25მგ #56.
გაგიზიარებთ იმ ინფორმაციასაც, რაც წლის დასაწყისში განვითარდა. სამინისტრომ უარი განაცხადა მწარმოებლის მიერ აღნიშნული მედიკამენტის გასაჩივრებულ ფასზე, რომელიც თავად სამინისტროს გამოთვლის მეთოდოლოგიასთანაც ვერ მოდიოდა შესაბამისობაში და მასზე რეფერენტული ფასი რჩება კრიტიკულ ნიშნულზე.
რომ არა სწორედაც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, „დეპაკინ ქრონო“-სთან მიმართებითაც მსგავსი მდგომარეობა განვითარდებოდა, მაგრამ წარმოუდგენლად მიგვაჩნია ამ მედიკამენტის გარეშეც პაციენტების დატოვება და მხოლოდ მწარმოებლისა და ქართველი დისტრიბუტორების სოციალური პასუხისმგებლობის და ურთიერთთანამშრომლობის ხარჯზე მოხდა „დეპაკი ხრონო“-ს შენარჩუნება ბაზარზე.
ნათლად იკვეთება, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული რეფერენტული ფასწარმოქმნის მოდელი არის ყველა ასპექტში ხარვეზიანი. იქნება ეს რეფერენტული ქვეყნების შერჩევა თუ ფასწარმოქმნის მექანიზმი და ა.შ. არ არის გათვალისწინებული ის გამოწვევები და რისკები, რაც ქართულ ბაზარზეა შექმნილი. ყველაზე ხარვეზიანია ფასწარმოქმნის ფორმულა/მეთოდოლოგია, ფასების გამოყვანა სუბიექტური მიდგომითა და დაშვებების ფორმატში ხდება. ამ მეთოდოლოგიის ანალიზისას გაირკვა, რომ არსებული ფორმულით გამოყვანილი ფასი იმდენად შეუსაბამოა, რომ თავად რეფერენტულ ქვეყნებშიც (საიდანაც უნდა იმპორტირდეს მედიკამენტი) თეორიულად ანალოგიური ფასების არსებობის შემთხვევაში, მედიკამენტების 90% დატოვებდა ბაზარს. ფასების ამ არასწორმა გამოთვლამ, განაპირობა სწორედ ის დეფიციტი, რაც ბაზარზე უკვე არის. მედიკამენტების დეფიციტური სია მომავალში გაიზრდება იმავე მარტივი მიზეზით, რაც არის არასწორად დასმული რეფერენტული ფასი. უბრალოდ ეს მედიკამენტები ვერ იქნება ფიზიკურად მოწოდებული ჩვენი ბაზრისთვის. ამ ეტაპზე, სამინისტროს მიერ, რეფერენტული ფასი დადგენილია 1620 დასახელების მედიკამენტზე, თუმცა დღეის მდგომარეობით საქართველოში ხელმისაწვდომია მხოლოდ 600 დასახელებამდე მედიკამენტი.
ჯანდაცვის სამინისტრომ არ დაგვიტოვა სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ საჯაროდ გამოვაქვეყნოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, პირველ რიგში რეფერენტულ მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომელიც დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტებით. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არასწორად გატარებული რეფორმის შედეგად ბაზარზე უკვე დეფიციტურია მაღალი სანდოობისა და ხარისხის ევროპული მედიკამენტები.
ბაზარზე დარჩენილი ნაშთის (მიუხედავად იმ 6, 8 და 12 თვიანი წინასწარი მარაგებისა, რაც კომპანიებმა მ/წლის დასაწყისამდე შექმნეს ქვეყნისთვის) სრულად რეალიზაციის შემდგომ, საფასო პოლიტიკიდან და რეგულაციებიდან გამომდინერე, დისტრიბუტორები ვერ შემოიტანენ შემდეგ მედიკამენტებს:
ამ ყველაფერს ემატება ასევე სხვა გარემოებებიც. მნიშვნელოვანია თურქეთის ბაზარზე მედიკამენტებზე ფასების 30 %-ით ზრდა ( ამ ეტაპზე). ამ ფაქტორის გავლენა ჩვენს ეროვნულ ვალუტის ქცევასთან ერთობლივად უნდა იქნას გაანალიზებული. ასევე თურქული მხარე ვერ უზრუნველყოფს ჩვენს მიერ მოთხოვნილი შეკვეთების რაოდენობის სრულ მოწოდებას, რაც რისკის ქვეშ დააყენებს პარალელური რეჟიმით თურქეთიდან იმპორტირებულ კიდევ რიგ მედიკამენტებს. აქვე უნდა გაგიზიაროთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციაც - ჩვენი მეზობელი ქვეყანა, აზერბაიჯანი, უახლოეს პერიოდში, დაუშვებს მედიკამენტების პარალელური რეჟიმით იმპორტს თავისი ბაზრისთვის, რაც ავტომატურად შექმნის დეფიციტს თავად თურქეთიდან განსახორციელებელ მედიკამენტების რაოდენობაზე.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ყვავის და უფრო მასშტაბურ ფორმებს იძენს შავი ბაზარი, რომელზეც არც ხარისხი და არც ფასი არ რეგულირდება. ეს კი ნამდვილად სიცოცხლისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი გამოწვევა და რისკია.
რეფერენტულ მოდელთან ერთად ხარვეზებით მუშაობს ონლაინ აღრიცხვის პროგრამა/პლატფორმაც, რომელშიც ყველა ფარმაცევტული საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია იყოს ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ ორთავე მხარე , რეგულატორი და სექტორი, ამ პორტალის ტექნიკური გამართვის საკითხზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, სწორედ ამ აღრიცხვის ხარვეზიან ინფორმაციაზე დაყრდნობით გავრცელდა ზემოაღნიშნული ქეისი მედიკამენტ „დეპაკინ ქრონო“-სთან დაკავშირებით. გაუმართავი პროგრამის, ბოლომდე დაუმუშავებელი პროცედურებისა და სამუშაო პროცესების ხარვეზიანი გაწერის გამო, კომპანიები ყოველდღიურად გაუგონარი წნეხისა და პრობლემების ფონზე ოპერირებენ. ნაცვლად იმისა, რომ სამინისტრომ თვალი გაუსწოროს არსებულ პრობლემებს, მოუსმინოს სექტორს, მიიღოს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგის რეკომენდაციები ამ სამუშაო პროცესების გამართულად ოპერირებაზე, ჯანდაცვის სამინისტრო მიზანმიმართულ ბრალდებებს იყენებს მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ გადაფაროს ის მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები, რომელიც ბოლო პერიოდში გატარებულ რეფორმებს ახლავს.
ფარმაცევტული სექტორი კეთილსინდისიერად ემსახურებოდა და კვლავაც მოემსახურება საქართველოს მოსახლეობას და ქვეყნის მოთხოვნებს, ეს კი მხოლოდ მარეგულირებელთან ურთიერთთანამშრომლობით არის შესაძლებელი.
მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს, პაციენტების და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გადაინაცვლოს კონსტრუქციულ სამუშაო და ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმზე.
ჩვენს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვუცხადებთ, რომ ფარმაცევტულ სექტორში დასაქმებული ყველა კომპანია მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობის მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და ეფექტიანი ფარმაცევტული პროდუქტით უზრუნველყოფას და ყველანაირად ემიჯნება ბიზნესის არაეთიკურ წარმოებას",- აღნიშნულია ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადებაში.
რეფერენტული ფასი 15 თებერვლიდან 800-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე გავრცელდა და ამ დრომდე ჩამონათვალი უკვე 1 600-მდე გაფართოვდა. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს, აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან დაჯარიმდებიან. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აანონსებენ, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, წლის ბოლომდე, 7000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება. რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ ჯანდაცვის უწყებამ სექტორი ხელოვნური დეფიციტის შექმნაში არაერთხელ დაადანაშაულა.