LIVE

გაიზარდა წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს

22 მაი 202316:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 344
გაიზარდა წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს დაახლოებით 500 ერთეულით გაიზარდა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ფასის ზედა ზღვარი 1600-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე განისაზღვრა.

როგორც უწყებაში აანონსებენ, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, წლის ბოლომდე, 7000-მდე მედიკამენტზე გავრცელდება.

რეფორმის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს, აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან დაჯარიმდებიან. უწყების თანახმად, ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ 40%-ით შემცირდება.

რეფერენტული ფასი 15 თებერვლიდან 800-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე გავრცელდა. 18 მარტიდან კი ჩამონათვალს 300-ზე მეტი მედიკამენტი დაემატა და შესაბამისად, საერთო ჯამში, ფასის ზედა ზღვარი, აქამდე 1100-ზე მეტ წამალზე მოქმედებდა. მალევე, სამინისტრომ კომპანიები წამლების ხელოვნურად გაძვირებაში დაადანაშაულა, რაც თავად ფარმაცევტულმა სექტორმა უარყო, როგორც რეალობასთან შეუსაბამო და მიუღებელი ბრალდება. ამასთან, კონკურენციის სააგენტომ, 2023 წლის 24 მარტს, ფარმაცევტულ ბაზარზე მოკვლევა დაიწყო. საკითხი ეხება - ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების მკვეთრ ზრდას და სავარაუდო, იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას. მოკვლევა 5 ფარმაცევტული კომპანიის მიმართაა დაწყებული.