
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატ „დეპაკინი ხრონოზე“ დეფიციტის წარმოქმნის შემდეგ, ჯანდაცვის უწყებამ აფთიაქების საწყობებში ინსპექტირება ჩაატარა და ათასობით კოლოფი „დეპაკინი ხრონო“ აღმოაჩინა.
აზარაშვილი ვარაუდობს, რომ კომპანიებმა, რეფერენტული ფასის გაზრდის მიზნით, პრეპარატზე დეფიციტი ხელოვნურად შექმნეს. მინისტრის განმარტებით, საწყობებში მედიკამენტის ნაშთები რომ არ ყოფილიყო, „დეპაკინი ხრონოზე“ დაწესებული რეფერენტული ფასი გაიზრდებოდა.
„გასული კვირის განმავლობაში, როგორც ექიმების, ასევე მშობლების მხრიდან ბევრი პრეტენზია იყო. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ერთადერთი კონკრეტული მედიკამენტი, რომელიც მიმართულია ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ, აფთიაქებში დეფიციტში იყო.
მაშინვე მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება. როგორც აფთიაქებს, ასევე საწყობებს სავალდებულოდ გავახსნევინეთ თავიანთი ნაშთები. რეგულირების სააგენტო უკვე ხედავს სად რა ნაშთია. ჩვენი სისტემის მეშვეობით როცა ნაშთები გადამოწმდა აფთიაქებში, არ იყო. გადამოწმდა საწყობებში და იქ ნაშთები დავინახეთ. მაგრამ როცა ჩვენი თანამშრომლები ამ კომპანიებთან ამოწმებდნენ, ისინი მიუთითებდნენ, რომ ნაშთი არ იყო და არც იცოდნენ თუ როდის ექნებოდათ.
აქვე, რადგან თითქოს რეფერენტულ ფასთან იყო დაკავშირებული დეფიციტი, საგანგებოდ, იმ დღესვე მოვიწვიე თანამშრომლები, რომლებიც ჩართულები არიან უშუალოდ ამ პროექტში და დეტალურად გავიარეთ „დეპაკინი ხრონოზე“ ფასწარმოქმნის მექანიზმი.
პარალელურად, მეორე ჯგუფი გავუშვი საწყობებში, რომ მაინც მისულიყვნენ და გადაემოწმებინათ. ეს ნაშთები საიდანღაც არ მოვიდოდა. ისინი შესაბამისი ოქმებით დაბრუნდნენ. სამწუხაროდ, საწყობებში კონკრეტული მედიკამენტის ათასობით კოლოფი იქნა ნანახი, შესაბამისად, აღწერილი, გადათვლილი ამ კომპანიების თანამშრომლებთან ერთად და ოქმებით დადასტურებული. კომპანიებს განზრახ არ ვასახელებ, რადგან საქმე კონკურენციის სააგენტოში მოკვლევის ეტაპზეა.
საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ზეწოლა და სავარაუდოდ, ეს დეფიციტი შექმნილი იყო იმის გამო, რომ იქნებ, რეფერენტული ფასი გაზრდილიყო. რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
ინფორმაციისთვის, გუშინ ჯანდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოავლინა.
საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ლევან გოგიბერიძემ „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რომ სექტორი რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ გარკვეული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, მათ შორის, შეიქმნა მედიკამენტების დეფიციტის რისკი. ასეთ დეფიციტურ მედიკამენტებს შორის კი, მოხვდა ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატი.