ევროზონის ეკონომიკა ზრდის დინამიკას დაუბრუნდა. ევროსტატის მონაცემებით, გასულ კვარტალში ევროპის 20 ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 0.3%-ით გაიზარდა.
ეს მაჩვენებელი აჭარბებს Bloomberg-ის ეკონომისტთა პროგნოზს - 0.2%. გასულ წელს ევროზონის ეკონომიკა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ენერგიაზე მნიშვნელოვნად გაზრდილმა ფასმა დააზარალა. ევროზონაში 2022 წლის ბოლო სამ თვეში ეკონომიკა 0.1%-ით შემცირდა, წლის პირველ კვარტალში კი სტაგნაცია განიცადა.
ევროსტატმა მიმდინარე თვის ინფლაციის მაჩვენებლებიც გამოაქვეყნა. ევროზონის ინფლაცია ივლისში, როგორც მოსალოდნელი იყო, 5.3%-მდე გაიზარდა, რაც გასული თვის მაჩვენებელზე (5.5%) ნაკლებია.
ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) ინფლაციის სამიზნე 2%-ია. ინფლაციის მაღალი მაჩვენებლების გამო, ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გააგრძელებს.
გასულ კვირას ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 3.75%-მდე გაზარდა. ეს მარეგულირებლის მიერ განაკვეთის ზედიზედ მეცხრე ზრდაა მას შემდეგ, რაც ის მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის შენელებას ცდილობს. გასული წლის ოქტომბერში ევროზონის ინფლაციამ რეკორდულ 10.6%-ს მიაღწია.