LIVE

Twitter-ი Threads-ის გამო Meta-ს ჩივილით ემუქრება

07 ივლ 202311:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 281
Twitter-ი Threads-ის გამო Meta-ს ჩივილით ემუქრება

Twitter-მა შესაძლოა, Threads-ის გამო, Meta-ს უჩივლოს.

Twitter-ის ადვოკატმა ალექს სპირომ Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი Twitter-ის სავაჭრო საიდუმლოებების და სხვა ინტელექტუალური საკუთრების სისტემატურ, მიზანმიმართულ და უკანონო მითვისებაში დაადანაშაულა.

"Twitter აპირებს მკაცრად დაიცვას თავისი ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და მოითხოვს, რომ Meta-მ დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები Twitter-ის ნებისმიერი სავაჭრო საიდუმლოების ან სხვა უაღრესად კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენების შესაჩერებლად", - ნათქვამია წერილში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ თუ Meta Twitter-ის საკუთრების უფლებების გამოყენებას არ შეწყვეტს, მის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაიწყებს. 

ადვოკატის მტკიცებით, Meta-მ დაიქირავა Twitter-ის ათობით ყოფილი თანამშრომელი, რომლებსაც "ჰქონდათ და აქვთ წვდომა Twitter-ის სავაჭრო საიდუმლოებებზე და სხვა უაღრესად კონფიდენციალურ ინფორმაციაზე", რაც საბოლოოდ დაეხმარა Threads აპლიკაციის შექმნაში.

Meta-ს პრესსპიკერმა კონკურენტი კომპანიის თანამშრომლების დახმარება უარყო და აღნიშნა, რომ Threads-ის საინჟინრო გუნდში Twitter-ის ყოფილი თანამშრომლები არ მუშაობენ.

Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი Threads-ს Twitter-ის "მეგობრულ" ალტერნატივას უწოდებს. Twitter-ის მფლობელის, ელონ მასკის თქმით, "კონკურენცია კარგია, მოტყუება - არა".

Meta-ს ახალი აპლიკაცია Threads გუშინ გაეშვა. მარკ ცუკერბერგის თქმით, პირველივე დღეს აპლიკაციაზე 30 მილიონზე მეტი მომხმარებელი დარეგისტრირდა.

მომხმარებლებს ახალი აპლიკაციის თავის Instagram პროფილთან სინქრონიზება და შესაბამისად, გამომწერებისა და გამოწერილი პროფილების შენარჩუნება შეუძლიათ, რაც აპლიკაციას მომხმარებლების რიცხვის სწრაფად ზრდაში ეხმარება.