LIVE

Meta-ს დღეს გაშვებულ აპლიკაციაზე 30 მილიონზე მეტი მომხმარებელი დარეგისტრირდა

06 ივლ 202321:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 384
Meta-ს დღეს გაშვებულ აპლიკაციაზე 30 მილიონზე მეტი მომხმარებელი დარეგისტრირდა

Meta-ს დღეს გაშვებულ აპლიკაცია Threads-ზე 30 მილიონზე მეტი მომხმარებელი დარეგისტრირდა. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა. 

მომხმარებლებს ახალი აპლიკაციის თავის Instagram პროფილთან სინქრონიზება და შესაბამისად, გამომწერებისა და გამოწერილი პროფილების შენარჩუნება შეუძლიათ, რაც აპლიკაციას მომხმარებლების რიცხვის სწრაფად ზრდაში ეხმარება.

სოციალურ ქსელს, რომელზეც დიდი ხანია საუბრობენ, Twitter-ის პირდაპირ კონკურენტად მოიაზრებენ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ Twitter-ის უახლესი რეგულაციებით უკმაყოფილო მომხმარებლებმა შესაძლოა Threads-ზე გადაინაცვლონ. საუბარია ისეთ ცვლილებებზე, როგორებიცაა კონტენტის მოდერაციის პოლიტიკის შესუსტება და ვერიფიცირებული პროფილებისთვის ყოველთვიური სააბონენტო გადასახადის დაწესება. ასევე გაჩნდა პრობლემა საიტის სანდოობასთან დაკავშირებით. ბოლო ცვლილება Twitter-მა გასულ შაბათს მიიღო, რაც არარეგისტრირებული პირებისთვის პოსტების ნახვის შეზღუდვას გულისხმობს. ილონ მასკი აღნიშნავს, რომ სიახლე "დროებითი ნაბიჯია".

ამასთან, Threads მომხმარებლებს Twitter-თან შედარებით, უფრო ვრცელი პოსტების გამოქვეყნების საშუალებას აძლევს. Meta-ს ახალ პლატფორმაზე ერთ პოსტში 500-მდე სიმბოლოს გამოყენებაა დასაშვები, Twitter-ზე კი მაქსიმუმ 280 სიმბოლოს გამოყენება შეიძლება. 

კითხვაზე გაუსწრებს თუ არა აპლიკაცია Twitter-ს, ცუკერბერგმა თქვა, რომ ამას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ მიიჩნევს, რომ ის იქნება საჯარო დისკუსიის ადგილი, რომლის აუდიტორია 1 მილიარდს გადააჭარბებს. 

"Twitter-ს ჰქონდა ამის შესაძლებლობა, მაგრამ არ გამოუვიდა. იმედია, ჩვენ გამოგვივა", - თქვა ცუკერბერგმა.

Twitter-ს 450 მილიონი ყოველთვიურად აქტიური მომხმარებელი ჰყავს.