ილონ მასკის ტვინის იმპლანტების მწარმოებელი კომპანია Neuralink-ი ამჟამად $5 მილიარდი ღირს. სულ რაღაც ორი წლის წინ სტარტაპის საბაზრო ღირებულება $2 მილიარდი იყო.
Neuralink-ის ღირებულებამ მას შემდეგ მოიმატა, რაც კომპანიამ აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციისაგან (FDA) ადამიანებზე პირველი ცდების ჩატარების უფლება მოიპოვა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ Neuralink-ს ტვინის იმპლანტის კომერციალიზაციისთვის კიდევ მინიმუმ 10 წელი დასჭირდება.
ილონ მასკი Neuralink-ზე დიდ გეგმებს ამყარებს. მასკმა აღნიშნა, რომ ტვინის ჩიპები ადამიანებს სიმსუქნის, აუტიზმის, დეპრესიის, შიზოფრენიისა და სხვა დაავადებებისაგან განკურნებაში დაეხმარება. უფრო მეტიც, მასკი ვარაუდობს, რომ ჩიპები ადამიანებს ერთ დღეს ტელეპათიის უნარითაც უზრუნველყოფს. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი მოლოდინები მხოლოდ შორეული სამომავლო პერსპექტივაა; მანამდე კი Neuralink-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში კომპანია გეგმავს, თავისი ტექნოლოგიებით დაეხმაროს პარალიზებულ პაციენტებს კომუნიკაციის უნარის განვითარებაში.