LIVE

ღარიბაშვილი: თუ რუსეთს სანქციებს დავუწესებთ, საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა

24 მაი 202311:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 390
ღარიბაშვილი: თუ რუსეთს სანქციებს დავუწესებთ, საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ თუ საქართველო რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, ამით საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა.

როგორც ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, 2008 წლის ომის დროს დასავლეთს რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია.

„საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ზიანს მივაყენებთ ჩვენს ხალხს თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ.

ჩვენ 2008 წელს გვქონდა ომი, კარგად გემახსოვრებათ, გახსოვთ ვინმე, ვინც დააწესა სანქციები რუსეთის მიმართ? - მსოფლიოში არავინ არ იქონია სწორი რეაქცია, არც ადეკვატური. ამიტომ, ჩემი კითხვა ისმის ასე: სად არის ლოგიკა? ჩვენი ომი არ არის ომი და უკრაინაში არსებული ომი ომია? ძალიან იმედგაცრუებული ვიყავით, რომ ბიზნესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობდა რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 1 მილიარდ დოლარზე ნაკლებია რუსეთთან და ევროკავშირი მხოლოდ 4 დღეში იმას ვაჭრობს, რასაც საქართველო მთელი წლის განმავლობაში. პრემიერის ეს განცხადება მანიპულაციურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ოფიციალური მონაცემებით, 2022 წელს რუსეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 2.5 მილიარდი დოლარი იყო, რაც 52%-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე და ზრდის ტენდენცია წელსაც გრძელდება. 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 44.6%-ით, რუსეთიდან იმპორტი 54.2%-ით გაიზარდაევროკავშირის რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა კი ყოველთვიურად მცირდება.