LIVE

საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 44.6%-ით, რუსეთიდან იმპორტი კი 54.2%-ით გაიზარდა - საქსტატი

19 მაი 202311:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 458
საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 44.6%-ით, რუსეთიდან იმპორტი კი 54.2%-ით გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა თურქეთი იყო (925.3 მლნ აშშ დოლარი), მეორე პოზიცია დაიკავა რუსეთმა (848.5 მლნ აშშ დოლარი) მესამე კი - აზერბაიჯანმა (500.9 მლნ აშშ დოლარი).

4 თვეში რუსეთიდან იმპორტი წლიურად 54.2%-ით გაიზარდა და მთლიანი იმპორტის 13.7% შეადგინა. საქართველომ რუსული პროდუქციის იმპორტში 622 მლნ 254 ათასი დოლარი გადაიხადა. იანვარ-აპრილში რუსეთიდან ადგილობრივ ბაზარზე დიდი რაოდენობით შემდეგი დასახელების პროდუქცია შემოვიდა:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები;
  • ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები;
  • ხორბლის, ან ხორბალ-ჭვავის ფქვილი;
  • ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები;
  • ხორბალი და მესლინი.

რაც შეეხება ექსპორტს, იანვარ-აპრილში, რუსეთში ექსპორტი წლიურად 44.6%-ით, 226 მლნ 198 ათას დოლარამდე გაიზარდა. მთლიან ექსპორტში რუსეთის წილი 11.5% იყო. საქართველომ რუსეთის ბაზარზე დიდი რაოდენობით გაყიდა:

  • ყურძნის ნატურალური ღვინო;
  • ფეროშენადნობები;
  • მსუბუქი ავტომობილები (ცალი);
  • მინერალური და მტკნარი წყლები;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის 4 თვეში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი (280.8 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (261.9 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (226.2 მლნ აშშ დოლარი).

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 595 მლნ აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 30.3%-ს შეადგენდა. მეორე პოზიციაზე იყო სპილენძის მადნები და კონცენტრატები 257.8 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 13.1%), ხოლო მესამე ადგილზე - ფეროშენადნობები 84.4 მლნ აშშ დოლარით (4.3%).

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის სამეულში თურქეთი (786.4 მლნ აშშ დოლარი) ლიდერობდა, შემდეგ იყო რუსეთი (622.3 მლნ აშშ დოლარი) და აშშ (412.5 მლნ აშშ დოლარი).

იანვარ-აპრილში უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში პირველი პოზიცია მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა, რომლის იმპორტმა 727.9 მლნ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 16.1% შეადგინა. მეორე ადგილზე იყო ნავთობი და ნავთობპროდუქტები 318 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 7%), ხოლო მესამეზე - ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 250.6 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 5.5%).

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტი 1 მლრდ 962 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც წლიურ ჭრილში 23.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ამავე პერიოდში, იმპორტი წლიურად 21.2%-ით გაიზარდა და 4 მლრდ 531 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

შესაბამისად, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 მლრდ 493 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 21.9%-ით მეტია.

უარყოფითი სავაჭრო ბალანსი იანვარ-აპრილში 2 მლრდ 569 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6%-ია. 

შეგახსენებთ, საქსტატის თანახმად, 2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წლიურად 32.8%-ით გაიზარდა და 19 მლრდ 43 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.