
საუდის არაბეთის ნავთობგიგანტმა Aramco-მ 2023 წლის პირველ კვარტალში მოგების სახით 119,54 მილიარდი რიალი ($31,88 მლრდ) მიიღო, რაც წლიურად დაახლოებით 19%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
კომპანია მოგების შემცირების ძირითად მიზეზად ნედლი ნავთობის გაიაფებას ასახელებს და ამასთან, აღნიშნავს, რომ ეს ნაწილობრივ დააკომპენსირა დაბალმა გადასახადებმა, ფინანსური და სხვა შემოსავლების ზრდამ.
Refinitiv-ის მონაცემებით, Aramco-ს პირველი კვარტლის წმინდა მოგება 3,75%-ით მეტია 2022 წლის მეოთხე კვარტლის შედეგზე და ასევე აღემატება ანალიტიკოსების მედიანურ პროგნოზს, $30,8 მილიარდს.
მსოფლიოს წამყვანი ნავთობის ექსპორტიორი პირველ კვარტალში $19,5 მილიარდს გადაიხდის დივიდენდის სახით.
ამას გარდა, Aramco-მ პირველ კვარტალში დადო გარიგებები საზღვარგარეთ ბიზნესის გაფართოების მიზნით, მათ შორისაა ინვესტიციები ჩინეთში, ასევე მან დაასრულა Valvoline Global Operations-ის შესყიდვის $2,76 მილიარდიანი გარიგება.
რაც შეეხება ინდუსტრიის სხვა გიგანტების ფინანსურ მაჩვენებლებს, ExxonMobil-ის მოგება მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაორმაგდა და $11.6 მილიარდს მიაღწია. ამერიკული ენერგოგიგანტების მსგავსად, ბრიტანული Shell-ის და BP-ის 2023 წლის პირველი კვარტლის შედეგებიც მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა. უფრო დეტალურად, Shell-ის მოგებამ იანვარ-მარტის პერიოდში $9.6 მილიარდი შეადგინა, რაც Refinitiv-ის $8.6 მილიარდიან პროგნოზს აღემატება. BP-ს კვარტალური მოგება კი $5 მილიარდია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ჩამოუვარდება, თუმცა მოლოდინებს აჭარბებს და წარმატებულ შედეგად ითვლება.