Moody's-მა საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურზე დააბრუნა, ხოლო თავად რეიტინგი Ba2 დონეზე დაადასტურა.
რეიტნგის პერსპექტივის ცვლილება საკრედიტო სააგენტომ იმით ახსნა, რომ პოლიტიკური რისკები ეკონომიკური ფაქტორებით და გაუმჯობესებული პარამეტრებით დაბალანსდა.
გარდა ამისა, მუდისის ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ვარაუდს, რომ საქართველო სტრატეგიულ პოზიციას გამოიყენებს შუა კორიდორში და მოიზიდავს ინვესტიციებს.
შესაბამისად, ეკონომიკასთან და ინვესტიციებთან დაკავშირებული პოზიტიური მოლოდინები, ამ ჯერზე, Moody's-სთვის სამოქალაქო საზოგადოების და სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაწილში წარმოქმნილ პრობლემებს გადაწონის.
ევროკავშირთან გაუარესებული ურთიერთობა და შიდა პოლიტიკური დაძაბულობა ეკონომიკისთვის „მოსალოდნელზე ნაკლებად ცუდი აღმოჩნდა“
Moody’s-სთვის სტაბილური პერსპექტივის დაბრუნების მთავარი მიზეზი ის არის, რომ სააგენტო იმაზე ცუდ შედეგს ელოდა ეკონომიკისთვის ევროკავშირთან გაუარესებული ურთიერთობის და შიდა დაძაბულობების ფონზე, ვიდრე რალურად დადგა.
2026 წლის პირველი ხუთი თვის 7.8%-იანი საშუალო ზრდის მაჩვენებელი სააგენტოს აფიქრებინებს, რომ წლის ბოლოსთვის ზრდა 6.4 პროცენტი იქნება, ხოლო მომავალ წელს - 5.5%.
“ვალის შემცირების ნაწილში პროგრესი, ფისკალური და სავალო პროფილის ეტაპობრივი გაუმჯობესება, ინვესტიციების და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა მიანიშნებს, რომ პოლიტიკურ გამოწვევებს და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაყინვას ქვეყნის ფუნდამენტური საკრედიტო პროფილი არ შეუფერხებია, მიუხედავად იმ ნაბიჯებისა, რაც, ჩვენი აზრით, ზღუდავს სამოქალაქო თავისუფლებას და სასამართლოს ავტონომიას,“ აცხადებს Moody’s.
კარგი ეკონომიკური პარამეტრების პარალელურად პოლიტიკური რისკები რჩება - შიდაც და გარეც
საერთაშორისო დამკვირვებლებზე დაყდნობით, საკრედიტო სააგენტო ასკვნის, რომ მართალია ქუჩაში პროტესტმა იკლო, თუმცა ეს ნაწილობრივ იმის შედეგად მოხდა, რომ ხელისუფლებამ მკაცრი შეზღუდვები დააწესა დემონსტრაციების და პროტესტის ჩასახშობად. ასევე იმ ზომების გამო, რამაც დაასუსტა ოპოზიცია და შეზღუდა არასამთავრობო სექტორი.
მიხედავად ამისა, ქვეყნის ფისკალური სიძლიერე Moody’s-სთვის მიმზიდველად გამოიყურება: მთავრობის ვალი 2020 წელს მშპ-ს 60%-დან შარშან მშპ-ს 34%-მდე შემცირდა იმის გამო, რომ ეკონომიკა ნომინალურ მაჩვენებელში, ანუ მიმდინარე ფასებში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
გარდა ამისა, Moody’s პოზიტიურ შეფასებაში ჯერ არარსებულ, მაგრამ პოტენციურ პროექტებსაც ითვალისწინებს, მათ შორის - ფოთის პორტის გაფართოებას, ანაკლიის პორტს, ვაზიანში დაანონსებულ აეროპორტს, ბაქო-თბილისი ყარსის რკინიგზის სრულ ამოქმედებას და ამობობს, რომ ამ დაგეგმილ პროექტებს შეუძლიათ გააძლიერონ საქართველოს როლი რეგიონულ ტრანზიტში და ლოგისტიკაში, თუკი ჩინეთს და ცენტრალურ აზიას დაუკავშირებს ევროპას.
ამასთან, სააგენტო ასკვნის, რომ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ინსტიტუტების სიძლიერე შესუსტებულია და მთავრობის საგარეო კურსმა, მათ შორის ევროკავშირის წევრობის შეფერხებამ, მნიშვნელოვანი პოლარიზაცია გამოიწვია ელექტორატში.
გეოპოლიტიკურად კი ქვეყანა მოწყვლადი რჩება რუსეთთან მიმართებაში ჩრდილოელი მეზობლის არაპროგნოზირებადობის გათვალისწინებით.
ამ ყველაფრის ფონზე, რეიტინგის გაუმჯობესება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შერბილდება შიდა პოლიტიკური რისკები, რაც უნდა გამოიხატოს პოლიტიკური პოლარიზაციის და გეოპოლიტიკური რისკების შემცირებაში.
მეორე მხრივ, რეიტინგის გაუარესება შეიძლება განაპირობოს თუ სახელმწიფო ინსტუტების და პოლიტიკის ეფექტიანობის რღვევა გაგრძელდება და ამას თან დაერთვება მაკროეკონომიკური თუ ფინანსური დაბრკოლებები. გარდა ამისა, Moody’s წერს, რომ შიდა და გეოპოლიტიკური რისკების ნებისმიერმა ესკალაციამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს რეიტინგის დაქვეითება.