LIVE

ამერიკული ენერგოგიგანტების მსგავსად, BP-ის და Shell-ის მოგება მოლოდინებს აჭარბებს

08 მაი 202316:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 462
ამერიკული ენერგოგიგანტების მსგავსად, BP-ის და Shell-ის მოგება მოლოდინებს აჭარბებს

ამერიკული ენერგოგიგანტების მსგავსად, ბრიტანული Shell-ის და BP-ის 2023 წლის პირველი კვარტლის ფინანსური შედეგები მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა. 

უფრო დეტალურად, Shell-ის მოგებამ იანვარ-მარტის პერიოდში $9.6 მილიარდი შეადგინა, რაც Refinitiv-ის $8.6 მილიარდიან პროგნოზს შესამჩნევად აღემატება. BP-ს კვარტალური მოგება კი $5 მილიარდია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ჩამოუვარდება, თუმცა გაზის გაიაფების ფონზე მოლოდინს აჭარბებს და წარმატებულ შედეგად ითვლება. 

გასულ წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ გაზსა და ნავთობზე მომატებული ფასების გამო, ენერგოკომპანიები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ. ასე მაგალითად, თებერვალში Shell-მა 2022-ის წლიური $39.9 მილიარდის მოგება მიიღო, რაც კომპანიის 115 წლის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. 2022 წელს BP-ს მოგება წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით გაორმაგდა და რეკორდული $27.7 მილიარდი იყო.

ენერგოკომპანიების მოგების ზრდაზე შინამეურნეობებისთვისა და ბიზნესებისთვის მომატებულმა კომუნალურმა გადასახადებმაც იმოქმედა. სწორედ ამიტომ, გასულ წელს ბრიტანეთმა ენერგოკომპანიები მოსალოდნელზე მაღალი მოგების მიღების გამო დამატებით დაბეგრა. მთავრობის ეს სქემა გაზისა და ელექტროენერგიის ფასების შემცირებას ემსახურება.

ბრიტანული ენერგოკომპანიებისთვის მოგების გადასახადი (EPL) 35%-ით განისაზღვრა, რამაც საერთო საგადასახადო განაკვეთი 75%-მდე გაზარდა. როგორც BP-ში აღნიშნავენ, საშემოსავლო გადასახადები EPL-ის ამოქმედების შემდგომ $1 მილიარდით გაეზარდათ. თუმცა კომპანიის მოგების უდიდეს ნაწილს ეს გადასახადი არ შეხებია, რადგან მას ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ გამოიმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ ExxonMobil-ის მოგება მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაორმაგდა და $11.6 მილიარდს მიაღწია. Wall Street-ის პროგნოზებისთვის არანაკლებ მოულოდნელი შედეგები გამოაქვეყნა Chevron-მაც, რომლის კვარტალური მოგება $6.7 მილიარდს შეადგენს. მოსალოდნელზე მაღალი მოგების გამო დამატებითი გადასახადი ამერიკულ კომპანიებსაც დაეკისრათ.

ევროკომისიამ გასულ წელს მიიღო გადაწყვეტილება დამატებითი გადასახადები დაეწესებინა ნავთობის, გაზის, ქვანახშირისა და გადამამუშავებელი კომპანიებისთვის, რომელთან წლიური მოგება სულ მცირე 20%-ით მაღალი იქნებოდა გასული სამი წლის საშუალო მაჩვენებელზე. 2023 წლის იანვარ-მარტის პერიოდში Chevron-მა $130 მილიონი ბრიტანეთში, ხოლო ExxonMobil-მა ევროპაში $200 მილიონი გადაიხადა.

სწორედ ამ გადასახადის გამო Exxon-ი დეკემბრიდან სამართლებრივ დავაშია ბრიუსელთან, რადგან ამ ნაბიჯს მათი მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებად მიიჩნევს. Exxon-ში აცხადებენ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მათ $3 მილიარდი ჩადეს ევროკავშირის რუსულ იმპორტზე დამოკიდებულის შესამცირებლად. ეს გადასახადები კი ხელს შეუშლის ინვესტიციების მოზიდვას, რაც თავის მხრივ შეაფერხებს ქვეყნების ენერგოდამოუკიდებლობის ზრდას.