LIVE

გაზის გაიაფების მიუხედავად, ამერიკული ნავთობგიგანტების მოგება პროგნოზებს აჭარბებს

02 მაი 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 339
გაზის გაიაფების მიუხედავად, ამერიკული ნავთობგიგანტების მოგება პროგნოზებს აჭარბებს

ნავთობგიგანტის, ExxonMobil-ის მოგება მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაორმაგდა და $11,6 მილიარდს მიაღწია. Wall Street-ის პროგნოზებისთვის არანაკლებ მოულოდნელი შედეგები გამოაქვეყნა Chevron-მაც, რომლის კვარტალური მოგება $6,7 მილიარდს შეადგენს.

მართალია ორივე კომპანიის მოგება ჩამორჩება შარშანდელ რეკორდულ მაჩვენებლებს, როცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად მკვეთრად გაძვირებულმა ბუნებრივმა აირმა ნავთობკომპანიების შემოსავლები მნიშვნელოვნად გაზარდა, თუმცა მაინც აჭარბებს წინა წლის ანალოგიურ და რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე პერიოდსაც.

კერძოდ, უმსხვილესი ამერიკული ნავთობკომპანიის, ExxonMobil-ის მოგება მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 38%-ით ჩამორჩება გასული წლის მესამე კვარტლის რეკორდს - $18,7 მილიარდს. თუმცა, სამაგიეროდ, ორჯერ აღემატება 2022 წლის პირველი კვარტლის $5,5 მილიარდიან მოგებას და $1 მილიარდით აჭარბებს ანალიტიკოსების პროგნოზსაც.

ანალოგიურად, Chevron-ის პირველი კვარტლის მოგება 40%-ით ნაკლებია გასული წლის მეორე კვარტლის $11,4 მილიარდიან რეკორდზე, თუმცა ზუსტად ერთ წლიან ჭრილში თუ შევადარებთ - წინა წლის პირველი კვარტლის $6.5 მილიარდიან მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება.

ამის მიზეზად Exxon-ის მხრიდან მოსალოდნელზე უკეთესი შემოსავლები სახელდება წარმოების ზრდის ხარჯზე, რაც თავის მხრივ ახალ პროექტებს უკავშირდება. ინდუსტრიის ანალიტიკოსები კი აცხადებენ, რომ Exxon-ის გაზის და ნავთობის წარმოება 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს ახლა აღწევს.

მომდევნო კვირაში, პირველი კვარტლის მაჩვენებლებს გამოაქვეყნებენ სხვა ნავთობგიგანტებიც, კერძოდ Shell და BP.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მასიური ზრდა მხოლოდ ამერიკულ ნავთობკომპანიებს არ ჰქონდათ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაძვირებულმა გაზმა კომპანიების მოგება გლობალურ დონეზე გაზარდა.

ამ დროისთვის, ბუნებრივი აირის საშუალო ფასი აშშ-ს ბაზარზე $3,67-ია, რაც თვის ჭრილში დაახლოებით 6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა 12%-ით ჩამორჩება ერთი წლის წინანდელ ნიშნულს. აშშ-ში გაზზე რეკორდული ფასი გასული წლის ივნისში დაფიქსირდა, როცა ბუნებრივი აირის ღირებულებამ გალონზე $5,02-ს მიაღწია.