Be Group, რომელიც ქართული ბაზრის პიონერია სადაზღვევო ზარალების შეფასების მიმართულებით, გლობალური ლიდერის, McLarens-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა როგორც ქართული სადაზღვევო კომპანიებისთვის, ისე მათი მოქმედი თუ პოტენციური მომხმარებლებისთვის.
გლობალური და ქართული ბაზრის ლიდერი ორი კომპანიის პარტნიორობა იმის გარანტიაა, რომ სადაზღვევო ზარალები საქართველოში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით შეფასდება, რაც თავის მხრივ გაზრდის ნდობას სადაზღვევო პროდუქტების მიმართ.
McLarens-ი ზარალების რეგულირების, სადაზღვევო მოთხოვნების და რისკების მართვის ამერიკული კომპანიაა, რომელიც ამ დროისთვის, 230 ოფისით არის წარმოდგენილი 45 ქვეყანაში, ახლა უკვე საქართველოშიც. ჯორჯიის შტატში ბაზირებული McLarens-ი 2500 მაღალკვალიფიციური სპეციალისტით გლობალური ბაზრის გამორჩეული ლიდერია.
ასეთი დონის კომპანიასთან მოლაპარაკებების წარმოება და მისი ქართულ ბაზარზე შემოყვანა მარტივი პროცესი არ ყოფილა, თუმცა Be Group-მა და მისმა მენეჯმენტმა, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად ამ მიზნის მიღწევა შეძლეს. პროცესში გადამწყვეტი როლი შეასრულა იმან, რომ McLarens-მა რეგიონის მნიშვნელოვან პოტენციალთან ერთად დაინახა Be Group-ის მრავალწლიანი გამოცდილება და განვითარებისკენ სწრაფვა.

"7 წლის წინ, როცა Be Group-ი შეიქმნა, ქართულ ბაზარზე ზარალების შემფასებელი დამოუკიდებელი კომპანიის პრაქტიკა და შესაბამისი სტანდარტები ფაქტობრივად არ არსებობდა. სწორედ ჩვენ დავიწყეთ ამ სტანდარტების შექმნა და დანერგვა. შედეგად კი, მივაღწიეთ განვითარების ამ კონკრეტულ ეტაპს, როცა დავინახეთ საჭიროება, გვყოლოდა საერთაშორისოდ აღიარებული პარტნიორი. ეს პარტნიორობა სადაზღვევო ბაზრისთვის ნიშნავს საერთაშორისო სტანდარტის დამკვიდრებას ზარალების შეფასებაში, სადაზღვევო ზარალების მართვის ხარისხის გაუმჯობესებას და იმასაც, რომ ზოგადად, სადაზღვევო ბაზრის მოთამაშეების მიმართ ნდობა გაიზრდება," ამბობს Be Group-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ბარბაქაძე.
მეორე მხრივ, ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვისაც, ვინც მოქმედი თუ პოტენციური კლიენტია სადაზღვევო სექტორისთვის. თუკი აქამდე ბაზრის ტენდენცია მოწმობდა, რომ მომხმარებელს მაინც ჰქონდა გარკვეული ეჭვები დამოუკიდებელ შემფასებელთან მიმართებაში, ან არაობიექტური შეფასების წინასწარი განწყობა, McLarens-ის შემოსვლა უკვე იმის უტყუარი გარანტია, რომ ზარალის შეფასება არ და ვერ იქნება მიკერძოებული.
"ეს პარტნიორობა გულისხმობს მუშაობის პროცესში სტანდარტების და მიდგომების სინქრონიზაციას. შესაბამისად, შეუძლებელია McLarens-ის წარმომადგენელმა ქართულ ბაზარზე რამე არაობიექტურად ან მიკერძოებულად შეაფასოს," განმარტავს გიორგი ბარბაქაძე.
Be Group-ის მრავალწლიანი გამოცდილება მოწმობს, რომ ბოლო 7 წელში დამოუკიდებელ შემფასებლებთან მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მაგალითად, თუკი საქმიანობის დასაწყისში კომპანიას თვეში 50-მდე ზარალის შეფასება უწევდა, დღეს ეს რიცხვი 400-ს აღწევს. მზარდი ტენდენცია იმაზე მეტყველებს, რომ დამოუკიდებელი შემფასებლის როლიც იზრდება - არამხოლოდ დამდგარი ზარალების, არამედ დაზღვევამდე რისკების შეფასების ნაწილშიც. ამ მხრივ კი, McLarens-ის შემოსვლას ქართულ ბაზარზე კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
"სადაზღვევო კომპანიის და დაზღვეულის ურთიერთობაში ყოველთვის ჩნდება მომენტი, როდესაც ზარალი უნდა შეფასდეს და ანაზღაურდეს. ეს არ არის მარტივი პროცესი. მომხმარებელს უნდა ჰქონდეს კომფორტი, მან უნდა იცოდეს, რომ როცა მიადგება ზიანი ამ ზიანის კომპენსირება მოხდება გამართლებულად, ადექვატურად, მაღალი სტანდარტების დაცვით და სწრაფად. ამდენად, ზარალის შეფასების ხარისხი ამ ურთიერთობაში არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. არის მოლოდინი, რომ დაზღვეული რისკების ზრდასთან ერთად, რასაც ხელს შეუწყობს, მათ შორის, სავალდებულო პროდუქტების გაჩენა - საქართველოში ამ მიმართულებით დიდი გარღვევა მოხდება. გარდა ამისა, ჩვენს ბაზარზე იზრდება საერთაშორისო პროექტების რიცხვი, სადაც კიდევ უფრო გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გლობალურ მოთამაშეს და პარტნიორს. მათ შორის, ვიდრე სადაზღვევო კონტრაქტზე და ზარალზე გადავალთ, აუცილებლად უნდა იყოს სწორი აუდიტი და შეფასება იმისა, თუ საერთოდ რას აზღვევს ბიზნესი, ან რამდენად ფარავს დაზღვევა მის რისკობრივ მდგომარეობას. აქაც, ვფიქრობ მნიშვნელოვანი პოტენციალია განვითარებისთვის," ამბობს საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე, დევი ხეჩინაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, სადაზღვევო რისკების შეფასება, იგივე Risk Survey ქართულ ბაზარზე იოლად ხელმისაწვდომი მომსახურება არ იყო და მოითხოვდა საერთაშორისო კომპანიის დაქირავებას სპეციალურად ამ მიზნისთვის. Be Group-ის პარტნიორობამ McLarens-თან ეს რეალობაც შეცვალა.
"რას გულისხმობს რისკების შეფასება - როდესაც კონკრეტული პროექტი, მაგალითად ჰესი ამოქმედდება, ბუნებრივია დგება მისი დაზღვევის საჭიროება. შესაბამისად, ერთი მხრივ, სადაზღვევო კომპანიას სჭირდება იცოდეს რა რისკებთანაა დაკავშირებული ეს კონკრეტული ბიზნესი, რომ შესაბამისი პრემია დააწესოს და მეორე მხრივ, თავად ბიზნესის მფლობელსაც სჭირდება რომ გაერკვეს, რამდენად უნდა დააზღვიოს საკუთარი ბიზნესი, ან რა კონკრეტული რისკები უნდა დააზღვიოს. ამ პროცესში კი მნიშვნელოვანია ისეთი შემფასებლის არსებობა, რომელსაც ორივე მხარე ენდობა. სანდოობა ამ ურთიერთობაში გადამწყვეტი ფაქტორია და სწორედ აქ შემოდის Be Group, რომელიც ახლა უკვე გლობალური ლიდერის, McLarens-ის საუკეთესო პრაქტიკით ოპერირებს ქართულ ბაზარზე," განმარტავს გიორგი ბარბაქაძე.
ამ დროისთვის, Be Group უზრუნველყოფს როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონების დაზიანების სრულყოფილ შეფასებას. მათ შორის, საცხოვრებელი და კომერციული უძრავი ქონების; ასევე, ისეთი მოძრავი აქტივების, როგორიცაა ავეჯი, საყოფაცხოვრებო და პროფესიული ტექნიკა, ინტერიერის ელემენტები, საოფისე და სამრეწველო აღჭურვილობა, სხვადასხვა დანიშნულების მანქანა-დანადგარები, მობილური და სპეციალიზებული ტექნიკა, სამეურნეო და სამშენებლო მანქანა-დანადგარები. კომპანია ასევე აფასებს სასაქონლო-მატერიალური მარაგების ზიანსაც ისეთი მოვლენების შედეგად, როგორიცაა - ხანძარი, წყალდიდობა, ქურდობა და სატრანსპორტო ტვირთებსაც, რომელიც ტრანსპორტირებისას შესაძლოა დაზიანდეს მოულოდნელი გარემოებების შედეგად.
როგორც დამოუკიდებელი შემფასებელი Be Group თანამშრომლობს ქართული სადაზღვევო ბაზრის ყველა მოთამაშესთან, ხოლო McLarens-თან პარტნიორობის პირობებში, აქვს მოლოდინი, რომ გაიზრდება ნდობა სადაზღვევო ბაზრის მიმართ, შესაბამისად - მოთხოვნაც. ეს კი კომპანიას საშუალებას მისცემს, მზარდ სადაზღვევო ბაზარზე, მუდმივი განვითარებით და სტანდარტების ამაღლებით, ლიდერის პოზიცია შეინარჩუნოს.